ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი EBRD-ის ბანკის დირექტორს შეხვდა

11/09/2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია EBRD-ის ბანკის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში და პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ყველა ის მიმართულება, სადაც EBRD-ი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას. ამ მიმართულებებს შორისაა სამთო მრეწველობა, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის პროგრამა, ენერგოეფექტურობა და სხვა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ბრუნო ბალვანერასთან შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო – განხილულ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) საქართველოში ძალიან გამართული და ძლიერი საკრედიტო პორტფელი აქვს. აღნიშნული ბანკი ძალიან მაღალი პრიორიტეტის საკითხებში სხვადასხვა დარგში გვიწევს მნიშვნელოვან დახმარებას. ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა EBRD-თან გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს “, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრუნო ბალვანერასთან პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ.
EBRD-ის ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა საქართველოსთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს დადებითად აფასებს. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მინისტრ გიორგი ქობულიას მიერ განსახილველ საკითხთა ასეთმა სიღრმისეულმა ცოდნამ მისი მინისტრობის საწყის ეტაპზევე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომავალშიც ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ, ვინაიდან იგი მზადაა და გახსნილია დიალოგისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მომავალი თანამშრომლობის ინტერესი საქართველოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით,“ – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0