ეკის უძველესი იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი აღდგენილია

28/07/2016

სენაკის მუნიციპალიტეტში, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის უძველესი სამონასტრო კომპლექსის ახლადაღდგენილ ტაძარში დღეს წირვა აღავლინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ(მუჯირი). თანამწირველი იყო ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია). წირვას, მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია, საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მისაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უძველესი კომპლექსი, რომლის რეაბილიტაციას მონიტორინგს უწევს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მოიცავს ეკლესიას, სამრეკლოს, პალატს, გალავანს და სხვ. ნაგებობებს. მონასტერს შემოვლებული ჰქონდა ქვითკირის მაღალი გალავანი, რომლისგანაც დღეს ფრაგმენტებია შემორჩენილი. კომპლექსის შუაში აღმართულია IX-X საუკუნეების ერთნავიანი უგუმბათო დარბაზული ეკლესია შიგნით ფრესკების ფრაგმენტებით, ხოლო სარკმელთა პირები ორნამენტირებულია. კომპლექსის ჩრდილოეთით მდებარეობს ორსართულიანი სამრეკლო (XIII-XIV სს) და პალატი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მეცენატის შემოწირულობით განხორციელდა. ეკლესია განთავისუფლდა მწვანე, დამანგრეველი საფარისგან. გამოჩნდა ფასადების ზედაპირი. გაწმენდის შედეგად გამოვლინდა მრავალი მნიშვნელოვანი არქიტუქტურული დეტალი. ტაძარი სრულად აღდგა კამაროვანი გადახურვით. სამრეკლოსა და პალატებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები ავთენტური მასალების გამოყენებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0