პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.
შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სასამართლო რეფორმის ახალი ეტაპი და მისი ძირითადი მიმართულებები იყო. აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში არსებული წარმატებული მოდელების გაცნობა.
განხილული იყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით მომავალ წელს, საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის გამართვის შესაძლებლობის საკითხი. საუბარი შეეხო, ასევე წინასაარჩევნო პერიოდსაც.
ეკა ბესელია: „ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ეხებოდა დაგეგმილი სასამართლო რეფორმის ახალ ეტაპს და კონკრეტულ საკითხებს. ევროპის საბჭო ჩართულია ამ პროცესში და ჰყავს წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ ახალ ფორმატში. მათი მხრიდან წარმოდგენილი ექსპერტი, სამუშაო ჯგუფთან ერთად, იმუშავებს ოთხ ძირითად თემაზე: საქმეთა ნაკადის მართვა, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მარეგულირებელი ნორმები. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს დავგეგმოთ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებს შეეხება და მოვიწვიოთ კომიტეტის ის წევრები, რომლებიც უშუალოდ არიან ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობის კომიტეტში ჩართულები. საქართველოს ამ მხრივ კარგი მაგალითი და კარგი სამართლებრივი მექანიზმი აქვს. მთლიანობაში ეს იყო ძალიან საქმიანი და კარგი შეხვედრა მიმდინარე პროცესების ანალიზის და მომავლის გეგმებთან დაკავშირებით“.
ეკა ბესელია საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა
17/10/2017