პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიიღო ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში: „რა შეიცვალა 2012 წლის შემდეგ – წამება და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს ციხეებში“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მცირე კვლევის ანგარიში, რომელიც ეხებოდა წამების, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით 2012 2017 წლებში საქართველოში არსებულ მდგომარეობას.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
„ეს თემა და ამ თემის ირგვლივ ამ ფორმატით დისკუსიის დაგეგმვა არის უაღრესად დროული, საჭირო, მნიშვნელოვანი და აუცილებელი, გამომდინარე თემის ძალიან მაღალი ინტერესიდან და სიმწვავიდან. არ მგონია, რომ 5 წელი დიდი დროა იმისთვის, რომ ისეთი მძიმე სისტემური დანაშაულობების პერიოდიდან, როგორიც იყო ქვეყანაში განსაკუთრებით 2004-2012 წლებში, თავის დაღწევა სრულად და სისტემის სრულად გადაყვანა ისეთი ტიპის სტანდარტებზე, რომელიც კითხვის ნიშნებს არ დატოვებს, საკმაოდ რთულია. თუმცა, ეს ის თემაა, სადაც არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენთაგანს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს -საჭიროა თუ არა ამ მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვა“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, განხორციელდა ფართომასშტაბიანი ამნისტია, რაც პატიმართა დაახლოებით 60%-ს შეეხო და 17 ათასი ადამიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
„ამ პოლიტიკური აქტის მთავარი მოტივაცია იყო ციხეში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და ამავე დროს, ის არაპროპორციული სასჯელები, რომლითაც ყველა პატიმარი პრაქტიკულად მოექცა კონვენციით დაცული უფლების დარღვევის პირობებში“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ისაუბრა ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ პარლამენტის მიერ პატიმრობის კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე, ასევე პენიტენციალურ სისტემაში და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმაზე.
ეკა ბესელიამ ყურადღება გაამახვილა 2015 წელს სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებულ კვლევაზე, რომელიც შეეხებოდა პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და ამ კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებზე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი სტრუქტურის საქმიანობაზე და ასევე აღნიშნა, რომ 2013 წლიდან დღემდე საჯარო მოხელეების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ წამების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„სპეციალური კომისია შევქმენით, რომლითაც დავადგინეთ და პარლამენტმა სპეციალური შეფასება მისცა სისტემურ დანაშაულებებს, რომელიც იყო საპატიმროებში. ახალ სტრუქტურაში, რომელიც მთავარ პროკურატურაში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, ორასზე მეტი ეპიზოდი უკვე დასრულებულია, განაჩენები დამდგარია. 170-ზე მეტი ყოფილი საჯარო მოხელე – სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირი და მათ შორის რამდენიმე უმაღლესი თანამდებობის პირი, არის უკვე გასამართლებელია და მსჯავრდებულია წამებისთვის, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობისთვის. 300-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე ახლაც მიმდინარეობს და სასამართლოშია მათი დიდი ნაწილი. ჩვენ წამების არცერთი ფაქტი არ გვქონია 2013 წლიდან დღემდე საჯარო მოხელეების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ, რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, ამაზე არის ძალიან მკაცრი მონიტორინგი და დაკვირვება“, – განაცხა და ეკა ბესელიამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. მისივე თქმით, აღნიშნული მექანიზმის შექმნის მიზნით მთავრობაში დაწყებულია მუშაობა კანონპროექტზე და ხდება მისი კორექტირება, რათა შეიქმნას რეალური მექანიზმი და ისეთი მოდელი, რომელიც უპასუხებს გამოწვევებს.
„ჩვენ მზად ვართ, რომ თუკი რაიმე ტიპის კითხვის ნიშნები არსებობს, არ მოვადუნოთ ყურადღება და ძალიან ფხიზლად ვიყოთ იმიტომ, რომ ყველა ფაქტზე სწორი რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანი პრევენციისთვის“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ასევე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა, და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმერ შკოლნიკოვმა.
შეხვედრაზე წარმოდგენილ ანგარიშში ყურადღება დაეთმო პატიმართა რაოდენობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ პირობებს, ჯანდაცვის სფეროს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციულ მექანიზმებს, მოსამართლის როლს წამების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციას, წამების ფაქტების გამოძიებას და ა შ.
დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ასევე: კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან.
ეკა ბესელიამ წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების თაობაზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
02/10/2017