ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა და გადადგომის მიზეზები განმარტა.
„ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, რომ იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს. მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ საზოგადოებას მიეცეს საშულება იხილოს გამჭვირვალე პროცესი და ჩართული იყოს მოსამართლეებად მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთაში და მათ შერჩევაში. ეს პროცესი აუცილებლად უნდა წარიმართოს კრიტერიუმებით დადგენილ წესით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და უნდა იმუშაოს კომიტეტმა და პარლამენტმა იმ პროცედურების სრული დაცვით, რომელიც ამ პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანს და სწორს. სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. უნდა იყოს ყველას პროცედურა გაწერილი. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. მიმაჩნია, მიმაჩნდა და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ისეთი მაღალი კვალიფიკაციის და ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ჩემი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა. რატომ არ გავაკეთ ეს განცხადება გუშინ. მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამ განცხადების შემდეგ ვაკეთებ მე განცხადებას გადადგომის თაობაზე. მე ვიტოვებ იმედს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, შეარჩევს და შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას კომიტეტის თავმჯდომარედ ისეთი კანდიდატის თაობაზე, რომელიც ასევე დაიცავს პრინციპებს, იქნება შეუვალი, სამართლიანი, ძალიან ღირსეული და ფასეულობების დამცველი.
მაღალი რეპუტაციის მოსამართლეების შერჩევა უვადოდ და ამ პროცესის გამჭვირვალედ, საზოგადოების ფართო მონაწილეობით წარმართვა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, ეს არის ჩვენი დაპირება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი და ეს არის ჩვენი შვილების მომავალი. და ბოლოს, ნებისმიერი სპეკულაცია რომ გამორიცხოს და არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები პარტიის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ვამბობ პირდაპირ, ვამბობ ღიად და ვამბობ სიმართლეს – ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად, პროცედურის დაცვით, კანონის დაცვით და გადაწყვეტილების მიღების დროს ყველას აქვს თავისუფალი ნება. ეს იყო მისი პოზიცია. მე არ ვიქნები მართალი, რომ მე თქვენ ეს არ გითხრათ. სხვა კითხვები – ვინ, რატომ, ვინ მოიაზრება, ამაზე სხვა დროს, სხვა ფორმატში, მოგვიანებით. გითხარით ის, რის თქმაც მიმაჩნია, რომ დღეს არის საჭირო. ეს არის სიმართლე და ეს არის ის რაც, საზოგადოებას არ უნდა დავუმალო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.