საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის, ასევე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებთან პირველი გაფართოებული სამუშაო შეხვედრები გამართა.
ჯანდაცვის მინისტრმა თანამშრომლებთან ერთად იმსჯელა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გეგმებზე. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვის, პირველადი ჯანდაცვის, სამედიცინო ინფრასტრუქტურისა და განათლების საკითხებზე. ეკატერინე ტიკარაძემ მკაფიოდ აღნიშნა, რომ სამინისტროს ყოველი დაგეგმილი რეფორმა უნდა იყოს ორიენტირებული პაციენტების ინტერესების დაცვასა და მათთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე.
შრომის მიმართულბით, კი მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო გარემოს მნიშვნელობას. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, უწყებაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების განვითარებას. შეხვედრაზე ასევე, განსაკუთრებული ყურადღება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის როლის გაძლიერების საკითხს დაეთმო. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შრომის ინსპექციის მანდატი უახლოეს მომავალში გაიზარდოს და შრომის უფლებებიც მოიცვას. ჯანდაცვის მინისტრი სამუშაო შეხვედრებს დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან მომვალაშიც ინტენსიურად განაგრძობს.
ეკატერინე ტიკარაძე სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა
01/07/2019