ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძე მშენებლობის და ტურიზმის მიმართულებით აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიების მიზანს ეკონომიკის გახსნისა და შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობის მიმართულებით ბიზნეს სექტორის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა, განსაკუთრებით მშენებლობისა და ტურიზმის მიმართულებით. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის როლს და ფუნქციას სამუშაო ადგილებზე თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
„2019 წელს გვქონდა კარგი შედეგი სამშენებლო სფეროში – 24%-ით შემცირდა ლეტალობა სამუშაო ადგილებზე, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში – 35%-ით. ეს ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა შრომის ინსპექციის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, კოვიდ 19-ის გავრცელების დროს შრომის ინსპექციამ უპრეცედენტო სამუშაო გასწია გაიდლაინების და რეგულაციების შემუშავებით. ეკონომიკური საქმიანობის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ გატარებული ზომების კომბინირებული აღსრულება, არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ასევე შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
„საქართველო იყო აშშ-ს შემდეგ მეორე ქვეყანა, რომელმაც შეძლო და თითქმის ყველა მიმართულებით შეიმუშავა გაიდლაინები, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეაქტიურებინა ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა. დღეს თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა უზრუნველყოფს დასაქმებული პირის უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე თავისი მომხმარებლის უსაფრთხოებას.“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს თანამშრომლობისთვის.
„მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ინტენსიურად მუშაობდნენ კერძო სექტორთან, რის შედეგადაც დღეს ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურას და შრომის ინსპექციას, შეუძლია იყოს კერძო სექტორის პარტნიორი და არა სადამსჯელო ორგანო. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ყველა ჩვენს პარტნიორ კერძო სექტორს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ, რათა შევძლოთ და შევქმნათ თითოეული მოქალაქისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო”- განაცხადა მინისტრმა.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ პრეზენტაცია გამართა შრომის ინსპექციის მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის თაობაზე შემუშავებულ რეკომენდაციებზე და ასევე სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების როლზე. ბექა ფერაძემ აპლიკაცია „მშენებლობის უსაფრთხოება“ წარადგინა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და რეგიონის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.