საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის პირველი საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2016“ დაათვალიერა.
გიორგი აბაშიშვილმა, სამხრეთ კავკასიაში ერთერთ ყველაზე ფართომასშტაბიან ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე, ტრადიციული რეწვის კულტურის განვითარების მხარდაჭერას მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ სამიტის მონაწილეთა ნაწილმა შარშან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიიღო დაფინანსება, რათა ემუშავათ და საკუთარი ნამუშევრები წარმოედგინათ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხური ტრადიციული რეწვის პირველი სამიტი იმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ამ სამიტის ჩატარებას, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სამიტის მონაწილეთა ნაწილი შარშან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა იმისათვის, რომ ემუშავათ და საკუთარი ნამუშევრები წარმოედგინათ.
ამავე დროს, ჩვენ არა მხოლოდ ის ადამიანები დავაფინანსეთ, რომლებიც უკვე დაკავებულნი არიან ტრადიციული რეწვით, არამედ, დავაფინანსეთ მათი შეგირდები, რათა ისწავლონ და თაობებს გადასცენ ტრადიციული რეწვის კულტურა.
ახლა კი, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ ყველაფრის კომერციალიზაცია, საერთაშორისო დონეზე მისი გატანა და საზღვარგარეთ გაყიდვა, რადგან როგორც ჩვენ დეღს დავინახეთ, ძალიან მაღალია ამ ნაწარმით უცხოელების დაინტერესება“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
გამოფენაში მონაწილეობენ ხელნაკეთი ნივთების ოსტატები საქართველოდან, მწარმოებლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ასევე მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტები, დიზაინერები.
ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის პირველი საერთაშორისო სამიტი ევროკავშირის პროექტის Investing in People პროგრამის ფარგლებში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
„ეთნოფესტი 2016“
26/09/2016