“ევროპოლი მოხარულია საქართველოს პარტნიორობით“

16/04/2016

ავსტრიული მედია საქართველოს ევროპოლის ახალ პროექტში გაწევრიანებას ეხმიანება: “ევროპოლი მოხარულია საქართველოს პარტნიორობით“
ზალცბურგის ფედერალურ მიწაზე საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციას, რომელზეც საქართველოს შსს სამინისტრო მიწვეული იყო, როგორც ძირითადი პარტნიორი და მთავარი მომხსენებელი, ავსტრიის ტელევიზია ვრცელ სიუჟეტს უძღვნის.
„საქართველო, თავისი 4 მილიონიანი მოსახლეობით, პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონიდან, რომელიც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ახალ პროექტს შეუერთდა. პროექტის მიზანი ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაა. ევროპოლის წარმომადგენლები მოხარულები არიან საქართველოს პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ 700 ათასი ევროთი ფინანსდება, ქართველ სამართლადამცველებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილობრივ კოლეგებთან უფრო სწრაფი და ეფექტური თანამშრომლობის მიზნით, გრძელვადიანი მივლინებით გაემგზავრონ ვენაში და ოპერატიულ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა“, – ნათქვამია სიუჟეტში.
ავსტრიის ტელევიზიასთან ინტერვიუში ევროპოლის დირექტორის მოადგილე მარტინუ ოლდრიხი აღნიშნავს: „უკვე კარსაა მომდგარი ევროპოლსა და საქართველოს შორის ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გავცვალოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0