ევროპის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა

22/12/2016

ევროპის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.
პროცედურის თანახმად, ევროკავშირის საბჭო უფლებამოსილებას გასცემს ევროპოლის დირექტორზე, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში, შეთანხმებაზე ხელმოწერის მიზნით ჩამოვა.
ევროპოლთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმებაზე საქართველოს შსს ინტენსიურად მუშაობდა.
2015 წლის ივნისში ევროპოლის ექსპერტებმა საქართველოში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხი შეაფასეს და იმავე წლის დეკემბერში დადებითი დასკვნა მიიღეს. დასკვნის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად აკმაყოფილებს ევროპოლის სტანდარტებს პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით.
აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება და ევროპის პოლიციის სამსახურთან, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებებით ითანამშრომლებს. შეთანხმების თანახმად, საქართველოს შსს მონაწილეობას მიიღებს ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში, ევროპის პოლიციის სამსახურთან უსაფრთხო არხის მეშვეობით გაცვლის ოპერატიულ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს, ევროპოლისგან მიიღებს ანალიზზე დაფუძნებულ მნიშვნელოვან საპოლიციო ინფორმაციას, ასევე, ევროპოლის შტაბ-ბინაში წარგზავნის მეკავშირე ოფიცერს, რომელიც ევროპის პოლიციის სამსახურთან მჭიდრო და ეფექტური კავშირების დამყარებას უზრუნველყოფს.
მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა, აშშ, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და სხვა.
ევროპოლის ოპერატიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროკავშირის ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის კავშირში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0