ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეები ხულოში აღინიშნა

29/09/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც 29-30 სექტემბერს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. თორნიკე რიჟვაძე დაბა ხულოში შეკრებილ ადგილობრივებს მიესალმა და ქვეყნისა და რეგიონის მომავალი განვითარებისთვის ევროპული ღირებულებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, რასაც ადასტურებს დღეს აქ შეკრებილი ახალგაზრდობაც“ – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

დაბა ხულოში, ევროპის კულტურული დღეების კვირეულის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების საინფორმაციო კუთხე, სპორტული აქტივობები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში კალოთელებს სოფლის დღესასწაული მიულოცა.
დღესასწაული რამდენიმე წელია სოფლის მცხოვრებლების სურვილით დაწესდა. პატარა სოფლიდან საცხოვრებლად სხვადასხვა კუთხეში წასული მოსახლეობა ერთმანეთს სწორედ კალოთობაზე ხვდება.
სოფელ კალოთაში ძველი ნაეკლესიარი ფუნდამენტია. კალოთის ეკლესია სხალთისწყლის ხეობაში, სოფელ კალოთის ბოლოს, მაღალ ტერასაზე მდებარეობდა.
დარბაზული ტიპის ეკლესია საძირკვლის დონემდეა დანგრეული.
სახალხო დღესასწაულში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0