თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და მათი მოადგილეებისთვის სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ გაიმართება. მათ მისასალმებელი სიტყვით ვიცე პრემირი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ქ.თბილისის მერი კახა კალაძე, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორი ნინო ბოლქვაძე მიმართავენ. ღონისძიება „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში გაიმართება.
საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრებს. იგი ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საბოლოო მიზანზე, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს.
სტუმრებს, დღის განმავლობაში, ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ჩართული სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები საქართველოსა და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე გაესაუბრებიან. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერების დეტალურ ინფორმაციას მიწვდიან ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის დახმარების პროგრამებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე.
ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდება.
„ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა. ღონისძიებები საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, წელს მეექვსედ იმართება.
ევროპის დღის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრა გაიმართება
13/05/2018