„ევროპელი სოციალისტები“ საპარლამენტო საქმიანობას შეუდგნენ

05/01/2021

პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები – ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთნენ, ამის შესახებ მათ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათ მიაჩნიათ, რომ დღეს, როდესაც ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ სტაბილურობას. მათი თქმით, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არაა, ის, ვისაც ამისი მანდატი აქვს უნდა იყოს პარლამენტში.

„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, შევდივართ პარლამენტში იმისათვის, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ უმრავლესობის გადაწყვეტილებები, მაგრამ გვჯერა, რომ ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული, კონსტრუქციული, არგუმენტირებული დასკვნებით და ამასთანავე მოურიდებელი მწვავე კრიტიკით მმართველი პარტიის მიმართ, შევძლებთ გავლენა მოვახდინოთ პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე. მწვავე კრიტიკასთან ერთად, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ერთიანი, საერთო ეროვნული ამოცანების გარშემო, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ეს არის ქვეყნის სტაბილურობა და ერთიანობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, დიპლომატიით“, – განაცხადეს ბრიფინგზე „ევროპელმა სოციალისტებმა“.

ბრიფინგზე ისაუბრეს ჩატარებული არჩევნების შესახებაც და ითქვა, რომ იყო სერიოზული ხარვეზები და გადაცდომები, მაგრამ როდესაც არჩევნების გაყალბების საფუძვლით არ შედიხარ პარლამენტში, ამას საფუძვლიანი მტკიცებულებები ესაჭიროება, მათი თქმით კი ასეთი მტკიცებულებები ოპოზიციურ პარტიებს არ წარმოუდგენიათ.

„მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ეს არჩევნები შეაფასეს როგორც კონკურენტული და თავისუფალი. იყო პრობლემები „საარჩევნო კოდექსშიც“, თუმცა, თავის დროზე არცერთ პარტიას უთქვამს უარი ამ კოდექსის პირობებში არჩევნებში მონაწილეობაზე. საბოლოოდ, პრობლემების მიუხედავად, ეს პარლამენტი, თავისი 9 პოლიტიკური პარტიით და უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნებით“ ასახავს ამომრჩევლის განწყობას და ნებას, რასაც ანგარიში უნდა გაუწიოს ყველამ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ თვლის საკუთარ თავს გამარჯვებულად ან დამარცხებულად“, – აცხადებენ ისინი.

დეპუტატების თქმით, ისინი ტოვებენ „პატრიოტთა ალიანსს“, რაც მათთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა, თუმცა, მათი თქმით, როცა არსებობს პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა, საჭიროა ნაბიჯის გადადგმა და ეს ნაბიჯი დღეს გადაიდგა. ბრიფინგზე ასევე დაანონსდა, რომ მომავალ შაბათს ჩატარდება პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ ყრილობა და წარდგენილი იქნება პოლიტიკური გუნდი, რომლის მიზანი იქნება ეროვნული ტრადიციების, ჩვენი თვითმყოფადობის და ევროპული ღირებულებების დაცვა, ქართული ეკონომიკის გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესება. გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები მოუწოდებენ ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციურ პარტიას, შევიდნენ პარლამენტში და არავის მისცენ ქვეყნის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0