ევროპა ელის ჩვენგან ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების გათვალისწინებას

07/06/2022

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ სახელით დავით უსუფაშვილმა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ამავე პოლიტიკური ჯგუფის მოსაზრებით, ქვეყნის წინაშე დგას. მისი თქმით, ევროპული სტანდარტის სახელმწიფო, პირველ რიგში, სჭირდება ქართველ ხალხს და არა ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„სწორედ ასეთი ევროპული სტილის სახელმწიფოა შემძლე იმისა, რომ: სათანადოდ უპატრონოს ჩვენს სამშობლოს და მოგვცეს საშუალება, რომ ვემსახუროთ მას; ქართველი ხალხი ერთდროულად უზრუნველყოს კეთილდღეობითაც, თავისუფლებითაც და უსაფრთხოებითაც. „ლელო“ არ სვამს კითხვას – იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობას ისევე, როგორც არ სვამს კითხვას, ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა სუფთა ჰაერს. ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობა, ნატოს წევრობა ისეთივე სასიცოცხლო აუცილებლობაა, როგორც ჰაერი თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენ სხვა კითხვას ვსვამთ, ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ამ მიზანს, რაც შეიძლება მეტად ვიყოთ გაძლიერებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, თანადგომით და იმ სირთულეების დაძლევით, რაშიც დღეს ქვეყანაა მოქცეული“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან ისაუბრა, რას აკეთებს პოლიტიკური ჯგუფი „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით და სახელისუფლებო გუნდს შესთავაზა ერთიანი გზავნილი გაიგზავნოს ევროპაში. „ეს არის შარლ მიშელის შეთანხმებაზე დაბრუნება. ეს არის ყველაზე სრული, მოკლე და ეფექტური გამოსავალი. რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირი და ევროპა ბოლო დღეებში გადასულია გადაწყვეტილებების მიღების საგანგებო რეჟიმზე. ბევრი რამ 6 თვის წინ იყო შეუძლებელი, დღეს შესაძლებელია და თავად ევროპამ აღიარა თავისი წილი შეცდომები 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის პერიოდში დაკავებული პოზიციების გამო, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს დაკავებული პოზიციის გამო. მათ თვითონ გამოთქვეს მზაობა, განიხილონ ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების თაობაზე“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მოლოდინზე საქართველოსგან.

„ჩვენი მხრიდან ევროპა ელის ასეთივე საგანგებო ზომების მიღებას, გონს მოსვლას, საით მივდივართ და ეს გზა მიდის თუ არა ევროპისკენ. ევროპა ელის ჩვენგან ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების გათვალისწინებას ეს იმ 9 წელიწადში იყო, ამ 9 წელიწადში იყო, თუ კიდევ იმის იქით. ელის იმის დანახვას, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალები, ქვეყნის ამ ყველაზე მნიშვნელოვან, სტრატეგიულ საკითხზე ახერხებენ ერთად დგომას და წყვეტენ ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას და იმ ტრადიციულ კინკლაობას, რაც საქართველოშია გამეფებული. იქნებ დარჩენილ დროში იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება ამ სტატუსის მხარდასაჭერად სამივე ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს მიუთითებენ იმ პრობლემებზე, რაც მოსაგვარებელია. გავაკეთოთ ეს ჩვენც. შევწყვიტოთ ის ქედმაღლური პოზიციონირება, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა სიტყვა ევროპაზეა. არ არის ეს ასე. და თუნდაც იმიტომ არ არის ასე, რომ მმართველ პარტიას 2024 წლისთვის ჰქონდა გაცხადებული განაცხადის შეტანა ანუ ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელი გვქონდა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამო გაჩნდა ეს შესაძლებლობა. ამიტომ სწორი პოზიციაა არა დამუნათება, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენ ვიმსახურებთ, არამედ მათთან დიალოგი, აღიარება იმისა, რომ გვაქვს მოსაგვარებელი საკითხები. სანამ ისინი რეზოლუციაში ჩაწერენ, ჩვენ არ ვიცით, რომ გვაქვს მოსაგვარებელი საკითხები?“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, პრობლემების აღიარებაშია ევროპული კულტურის მთელი ხიბლი და იმაში, რომ 27 ქვეყანა ერთად დგას და ერთად აგვარებს პრობლემებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0