ევროპარლამენტი დადებითად აფასებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და მიიჩნევს რომ მნიშვნელოვანი პროგრესია საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციის მხრივ

17/09/2020

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე, ფართომასშტაბიან რეფორმებს, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რომელთა მიზანია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციის და გაძლიერების მხრივ და მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო ცვლილებებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს“ გამოეხმაურა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, საჯარო პირობა ჰქონდათ გაცემული. ანგარიშის შეფასებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს მკაფიო მხარდაჭერას საპარლამენტო არჩევნების მიმართ.

„მინდა, დავარწმუნო ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს რეაგირება კოვიდ 19-თან დაკავშირებით და დადებითად არის შეფასებული პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპარლამენტი გამოხატავს მხარდაჭერას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და კიდევ ერთხელ ადასტურებს მკაფიო და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„მინდა, გამოვყო განსაკუთრებით, რომ ევროკავშირი გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ, ხაზს უსვამს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და მისი სრულად გამოყენება საქართველოს და ევროკავშირის მხრიდან, ასევე, მხარდაჭერას გამოხატავს უვიზო რეჟიმის მიმართ. გახსოვთ, რომ ამ მიმართულებით, როგორც პარლამენტმა, ასევე, მთავრობამ, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ჩვენ ვუფრთხილდებით ევროპის ნდობას საქართველოს მიმართ და მომავალშიც მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის მიღებული ეს სიკეთე, რასაც ქვია უვიზო მიმოსვლა და ასევე, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან – იყოს დაცული. აქვე მინდა განსაკუთრებით გამოვყო საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რჩება ძალიან მაღლა საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში. ევროპარლამენტმა ამ ანგარიშში იმსჯელა ოკუპაციასთან დაკავშირებითაც. რასაკვირველია, დაგმობილია ეს უკანონო ქმედებები და ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებათა დაცვის ვითარება, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხაზგასმულია დევნილთა დაბრუნების საკითხი, მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება რჩება როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე, ჩვენი პარტნიორების მნიშვნელოვან პრიორიტეტად. როგორც მოგეხსენებათ, სამი დღით ადრე, 14 სექტემბერს, ევროპარლამენტში გაიმართა პოლიტიკური დებატები, აგრეთვე, გუშინ ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტიც გამოვიდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა. კიდევ ერთხელ მინდა, მკაფიოდ ვთქვა: ვინაიდან ჩვენმა ოპონენტებმა არაერთხელ უსამართლოდ გაგვაკრიტიკეს, თქვეს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს სათანადოდ, რათა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხები სათანადოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში, ამ ანგარიშში და გამართულ დებატებში კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნის მიმართ განხორციელებული აგრესიის და ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან მაღალ რეგისტრში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ამისა, ანგარიშში საუბარია გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

„ამ მიმართულებითაც საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გახლავთ დადებითი და პროგრესული“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ ანგარიშში განათლებასთან დაკავშირებით მოცემულ ჩანაწერზე გაამახვილა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ განათლების სფეროს დაფინანსება, ასევე, ფუნდამენტური რეფორმები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სწორედ ამ საკითხს ეხმაურება ევროპარლამენტიც.

„ნათქვამია, რომ საქართველოს ექნება მომავალშიც მხარდაჭერა, რათა ჩვენმა სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევარებმა მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, განსაკუთრებით, გამოყოფილია „ერასმუს პლიუსის პროგრამა“, რომლითაც 7500-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება საერთაშორისო უნივერსიტეტებში. ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. და რა თქმა უნდა, ანგარიშში არის მოცემული ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და პრიორიტეტები. ჩვენ, რასაკვირველია, გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ რეფორმები და ეს რეფორმები ემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან მომხსენებელ სვენ მიქსერს ანგარიშის მომზადებისთვის, ხოლო ევროპარლამენტარებს დებატებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0