ევროპარლამენტის რეზოლუციაში არც ერთი ის შესწორება არ მოხვდა, რომლის დოკუმენტში შეტანას ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე საუბრობს. კვაჭანტირაძის შეფასებით, დოკუმენტი ძალიან დაბალანსებული და პოზიტიურია.
“ევროპარლამენტის რეზოლუცია ერთმნიშვნელოვნად ძალიან დადებითი დოკუმენტია, რომელიც აღნიშნავს და ხაზს უსვამს საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინისა და მოლდოვას პროგრესს. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს მთავრობის მიღწევები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობის პერიოდში განხორციელდა. გამოთქმულია პრევენციული ხასიათის მოსაზრებები, რომლის მიზანია, როგორც ჩანს, მედიასთან დაკავშირებული თავისუფლების უზრუნველყოფა და სასამართლო სისტემის რეფორმის სრულყოფილი განხორციელება. გარკვეულწილად ჩანს, რომ რეზოლუციის ზოგიერთი დებულება ცოტა მოძველებულ ინფორმაციას ეფუძნება, განსაკუთრებით სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით. მაშინ, როცა ევროკომისარი იოჰანეს ჰანი თავის გამოსვლებში აღნიშნავს ერთს და რეზოლუციაში ცოტა განსხვავებული ტექსტი ხვდება, ეს ჩვენს გაკვირვებას იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში დოკუმენტი ძალიან პოზიტიურია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ოპონენტების დიდი მცდელობის მიუხედავად, თავიდან ბოლომდე ჩავარდა ის 17 დამატება, რომელიც მათი დიდი მეცადინეობით იყო მომზადებული და რომლითაც იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნისთვის ნეგატიური შეფასებები მიეცათ”, – აცხადებს კვაჭანტირაძე.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში არც ერთი ის შესწორება არ მოხვდა, რომლის შეტანას ოპონენტები ცდილობდნენ
23/01/2016