ევროპაა გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელი

09/05/2022

„იმედი გვაქვს, რომ სკეპტიკოსების მიუხედავად, 1950 წლის 9 მაისის მსგავსად, ევროკავშირი მიიღებს ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს – ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე წელს, ევროპის დღე საქართველოში განსხვავებულ გარემოში აღინიშნება, რადგან 2022 წლის 3 მარტს ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, რამაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და განმტკიცების ახალ ეტაპს დაუდო სათავე. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ამ ისტორიული გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის ურყევ ნებაშია.

„წელს განსხვავებულ გარემოში აღვნიშნავთ ევროპის დღეს. საქართველომ 2022 წლის 3 მარტს შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და განმტკიცების ახალ ეტაპს დაუდო სათავე. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა – ამ გადაწყვეტილების ისტორიულ-კონსტიტუციური საფუძვლები და ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის ურყევ ნებაში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობასა და ჯერ კიდევ 1921 წლის კონსტიტუციით განსაზღვრულ დემოკრატიულ და პროგრესულ ფასეულობებშია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თავისუფლებისთვის ომი 2022 წელს უკრაინით არ დაწყებულა და საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წუთიდან ჩაერთო ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.

„დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის ომშია ჩართული – ომში, რომელიც 2022 წელს უკრაინით არ დაწყებულა და რომელიც მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ეს არის ბრძოლა ევროპული არჩევანისთვის. ეს არის ბრძოლა, რომელიც ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით 90-იანი წლებიდან და 2008 წლიდან. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წუთიდან საქართველო ამ ბრძოლაშია ჩართული. ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული განაცხადისთვის, ჩვენი მოსახლეობის ისტორიული არჩევანისთვის და ეს არის ჩვენი ევროპული მომავლისა და ევროპული ოჯახისკენ სწრაფვისთვის დაღვრილი სისხლი. დღესაც, მიმდინარე ოკუპაციის და მისი ტრაგიკული შედეგების მიუხედავად, ქართველი ხალხი ამ არჩევანს არ ცვლის. არ ცვლის იმიტომ, რომ სწორედ ევროპაა საქართველოს თვითგადარჩენის, იდენტობის, ღირებულებების შენარჩუნების ერთადერთი ალტერნატივა; სწორედ ევროპაა გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის ნავსაყუდელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართველებს უკრაინელების ტკივილის ყველაზე კარგად ესმით. მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დასტური, რომ ამ ქვეყნების ხმა ევროპამ გაიგონა, ხოლო ბრძოლა – დაინახა.

„დღევანდელ დღეს ორმაგი ემოციებით ვხვდებით. ერთი მხრივ, გვტკივა და ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის უკრაინის ტკივილი და ჩვენი შესაძლებლობებით სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის ბრძოლას საკუთარი მიწის დასაცავად. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიყავით უკრაინაში, ბუჩასა და ირპინში – დღევანდელობის გაგრასა და თამარაშენში, რათა საქართველოს ეს მკაფიო გზავნილი გადაგვეცა უკრაინელი ხალხისთვის. მეორე მხრივ, იმედით ვუყურებთ ევროპას. ჩვენ უკვე გადავეცით ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, მეორე და ბოლო ნაწილს ევროკავშირი ხვალ მიიღებს. იმედი გვაქვს, რომ სკეპტიკოსების მიუხედავად, 1950 წლის 9 მაისის მსგავსად, ევროკავშირი მიიღებს ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს. ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული. ევროპა ჩვენი საერთო ოცნებების, ღირებულებების და მომავლის სახლია. ამიტომ ამ ევროპისგან ჩვენ სხვა მოლოდინი ვერ გვექნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0