ევროკომისიის ანგარიშით გამოჩნდა, რომ საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით ცალსახად ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის

03/02/2023

„ევროკომისიის ანგარიშით გამოჩნდა, რომ საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით ცალსახად ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის. შეფასებიდან ჩანს, რომ საქართველო მომზადების დონით კანდიდატ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით უსწრებს”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში პარლამენტის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. მისი თქმით, 2014 წლიდან 2022 წლამდე პარლამენტმა 58 ახალი კანონი, 570-ზე მეტ კანონში ცვლილება, 26 საერთაშორისო შეთანხმება და 12 დადგენილება მიიღო, რითაც საკანონმდებლო ორგანომ ამ პროგრესის მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

„დასრულდა ევროკომისიის შეფასების პროცესი, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან. შეფასებები სამივე ქვეყანასთან მიმართებით გამოქვეყნდა. უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას პროგრესი ევროკომისიამ დეტალურად შეაფასა იმ კითხვარის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გასული წლის აპრილში შევავსეთ. ეს არის რეალურად ის შედეგი, რაც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების დაუღალავი მუშაობის შედეგად ქვეყანამ მიიღო. ამ ანგარიშით გამოჩნდა, რომ საქართველო ცალსახად ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის რეფორმების განხორციელების კუთხით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროკომისიის მოსაზრება მომზადებულია ევროკავშირის გაფართოების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და ევროკავშირთან ქვეყნის თავსებადობას 6 ძირითადი მიმართულებით, 32 სფეროში აფასებს.

„შეფასებიდან ასევე ჩანს, რომ საქართველო მომზადების დონით, ბევრი მიმართულებით, უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს იმ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ეს არის ფუნდამენტური საკითხები და ევროკავშირის შიდა ბაზარი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0