ცხოველური წარმოშობის პირველი პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე შევა, მატყლია. მესამე ქვეყნების სიას, რომლებიდანაც ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლის შეტანა შეიძლება, საქართველოც დაემატა. ამ ეტაპზე ევროკავშირმა მატყლის მწარმოებელი 2 კომპანია აღიარა: შპს “ჯორჯიან ვულ” და შპს “ქართული მატყლის კომპანია”. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებში დაუმუშავებელი მატყლის გატანა მხოლოდ ამ ორ კომპანიას შეუძლია.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ კომპანიებს ევროკავშირის აღიარება მიეღოთ.
“არის მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც ახლა უშუალოდ ამ კომპანიებმა უნდა შეასრულონ. მაგალითად, მატყლი ისე უნდა იყოს შეფუთული, რომ შესაფუთი მასალის დაბინძურება აბსოლუტურად გამოირიცხოს. შეფუთული პროდუქცია მიღების საბოლოო ადგილამდე არსად უნდა გაიხსნას. ტრანსპორტირების დროსაც გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო: 24 საათით ადრე უნდა გაფრთხილდეს საბაჟო იმ ადგილზე, სადაც მატყლი ევროკავშირის საზღვარს გადაკვეთს. ამ წესების შესრულება რთული არ არის. აღიარების ამ პროცესით ევროკავშირმა ძალიან დიდი ნდობა გამოგვიცხადა ჩვენ – სახელმწიფოს, მის მაკონტროლებელ სისტემას, ანუ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ამ კონკრეტულ კომპანიებსაც. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ ეს კომპანიები წელიწადში ორჯერ შევამოწმოთ და ვნახოთ, რას და როგორ აკეთებენ ისინი ევროკავშირის სტანდარტების და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ასრულებენ თუ არა ჩვენ მიერ მიცემულ რეკომენდაციებს,” – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, მიხეილ სოხაძე.