ევროკავშირმა ტერორისტული დაჯგუფებების და მათთან კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცედურა გაამარტივა

21/09/2016

ევროკავშირმა ტერორისტული დაჯგუფებების და მათთან კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცედურა გაამარტივა. როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია ნათქვამი, ამიერიდან ევროკავშირი სანქციების დაწესებას იმ პირთა წინააღმდეგაც შეძლებს, რომლებიც გაერო-ს „შავ სიაში“ შეყვანილი არ არიან.
სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლის აკრძალვას, ფინანსური აქტივების გაყინვას, ევროკავშირის მოქალაქეებისგან და ევროკავშირში მოქმედი ორგანიზაციებისგან სახსრების მიღების დაბლოკვას.
სანქციების დაწესება შესაძლებელი იქნება იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგაც, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერაქტების მზადებაში ან შესრულებაში, აფინანსებდნენ ან სხვა რაიმე სახის დახმარებას უწევდნენ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ან „ალ-ქაიდას“, ასევე მზადებას გადიოდნენ აღნიშნული დაჯგუფების წევრებთან.
სანქციების დაწესება შესაძლებელი იქნება იმ პირების წინააღმდეგაც, ვინც ადამიანების გადაბირებით არის დაკავებული, ან ევროკავშირის საზღვრებს გარეთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ჩაიდინა, მათ შორის სახელდება გატაცება, სექსუალური ძალადობა და იძულებითი ქორწინება.
მანამდე, ევროკავშირს სანქციების დაწესება მხოლოდ იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების წინააღმდეგ შეეძლო, რომლებიც გაერო-ს „შავ სიაში“ არიან შეყვანილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0