ვფიქრობ ის, რაც ჩვენ ვნახეთ საქართველოში რეფორმების მიმართულებით, ძალიან შთამბეჭდავია, – განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა (DG NEAR), ქრისტიან დანიელსონმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, „რეფორმა, ზოგადად გრძელვადიანი პროცესია და მუდმივად გრძელდება. მთავარია, გვესმოდეს, რა არის დღის წესრიგი რეფორმების განსახორციელებლად, ევროკავშირი და ევროკომისია კი, თავის მხრივ, გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
ფინანსთა სამინისტროში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს (DG NEAR), ქრისტიან დანიელსონს და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში აღმასრულებელ დირექტორს, თომას მაიერ-ჰარტინგს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა შეხვდა.
„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმ არსებით პროგრესზე, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკაში და ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს ამ მიმართულებით,“ – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ქრისტიან დანიელსონმა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ფინანსური სტაბილურობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები, აგრეთვე ყურადღება განახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
ევროკავშირი და ევროკომისია გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით
14/09/2017