ევროკავშირის წევრობისკენ წინსვლასთან ერთად პარლამენტი მუშაობს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციისა და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის შეცვლასა და განახლებაზე

12/10/2022

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ დღევანდელ ფორუმში და მაქვს შესაძლებლობა, დავაფიქსირო ჩვენი ერთგულება გენდერული თანასწორობის მიმართულებით პროგრესის მიმართ. პარლამენტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ქალთა გაძლიერების საქმეში – გენდერულად სენსიტიურ პარლამენტებს შეუძლიათ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და უფრო თანასწორი და მედეგი საზოგადოებების ჩამოყალიბება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეას მიმართა და საქართველოს მხრიდან გენდერული თანასწორობის წახალისებისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხების უკეთესად დარეგულირების თვალსაზრისით საქართველოს პარლამენტმა განახორციელა.

„2014 წელს საქართველომ მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ – საქართველოს თანამედროვე ისტორიაში აღსანიშნავი ნაბიჯი გენდერული თანასწორობის საკითხის შემდგომი უკეთესი რეგულირებისკენ. 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ, საქართველო მუშაობს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე. საქართველომ გააძლიერა ეროვნული ინსტიტუციური ჩარჩო და შექმნა ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმები, აგრეთვე, ცვლილებები შეიტანა რამდენიმე კანონში. 2017 წელს თანასწორობის პრინციპი აისახა საქართველოს კონსტიტუციაში, რის შედეგადაც ყურადღება გადატანილ იქნა სტრუქტურულ უთანასწორობებთან ბრძოლაზე და სახელმწიფოს დაევალა სპეციალური კანონების, პოლიტიკისა და პროგრამების მიღება და განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს ქალებისთვის თანაბარ შესაძლებლობებს. 2020 წელს შევიტანეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები შრომის კოდექსში. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით 2020 წელს სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღება. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, არჩეულ ქალთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო აძლიერებს სწრაფვას ამ მიმართულებით. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მეთოდოლოგია, რომლითაც ხორციელდება პარლამენტის გენდერულად სენსიტიურობის შეფასება, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს სამომავლო პრიორიტეტები, მათ შორის გენდერული ბიუჯეტირების მხრივ.

„საქართველოს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ წინსვლასთან ერთად. ევროკავშირში გაწევრების პროცესის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საბჭო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ერთობლივად მუშაობენ გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის შეცვლასა და განახლებაზე. მიმდინარე საპარლამენტო განხილვები ფოკუსირებულია მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე. იქიდან გამომდინარე, რომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ვაპირებთ, რომ დავაინიციროთ და მივიღოთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ პარტნიორ პარლამენტთან და გაუზიაროს მათ საკუთარი გამოცდილება ამ სფეროში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, რომელიც რუანდის დედაქალაქ კიგალში იმართება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან. საუბარი, ძირითადად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას შეეხება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0