პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინა.
“მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო, მივესალმები მედიის წარმომადგენლებს და ჩვენს საზოგადოებას. მადლობა დღევანდელი დღისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შეკითხვის ავტორებს. აქვე, თქვენ ინფორმაციისთვის მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ დღეს დილით მოგაწოდეთ ინფორმაცია თქვენს კითხვებთან დაკავშირებით. ეს არის დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გაკეთდა მთავრობის მიერ, რა კეთდება. ჩვენი პასუხები გაქვთ წარმოდგენილი, ასე რომ, შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა მინდა ჩვენს პატივცემულ დეპუტატებს, ჩვენს ხალხს მივმართო და ვესაუბრო რეალურ გამოწვევებზე, იმ უსაფრთხოების რისკებზე, რომლებიც დღეს ჩვენი ხალხის წინაშეა და რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას ამ ურთულეს ვითარებაში. მანამდე, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ დღეს არის ურთულესი ვითარება მთელ მსოფლიოში. ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა, მთლიანად მსოფლიო არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი სამყარო იმყოფება მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, და ეს არ არის გადაჭარბებული საფრთხე. ჩვენ გვესმის, რომ ბირთვული ომის რიტორიკა დღითი დღე მატულობს, მძაფრდება, და ასეთ ვითარებაში, პატივცემულო დეპუტატებო, ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ, თუ რა ვითარებაა დღეს უკრაინაში. ჩვენ, ყველანი, თვალყურს ვადევნებთ, რომ ომი არ ჩერდება. უკრაინის ომს აქვს პირდაპირი გავლენა ჩვენს ქვეყანაზე, რეგიონზე მთლიანად, ევროპაზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, მთელი მსოფლიოს წესრიგზე, რომელიც იყო ჩამოყალიბებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. უკრაინის ომის შედეგები დღეის მდგომარეობით არის შემდეგი – 20% არის ოკუპირებული, 100 ათასზე მეტი გარდაცვლილი, მათ შორის, საუბედუროდ, ქალები, ბავშვები. დანგრეულია, მიწასთან არის გასწორებული ქალაქები, სოფლები, რაიონები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა საჯარო, მათ შორის, კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები, ზარალი, ექსპერტების დათვლით, შეადგენს თითქმის ერთ ტრილიონ დოლარს და ომი გრძელდება. უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის დღეს გადაქცეული პოლიგონად. ასევე გეტყვით, რომ 15-დან 20 მილიონამდე უკრაინელმა მოქალაქემ დატოვა საკუთარი საცხოვრებელი, რაც არის, რა თქმა უნდა, ურთულესი გამოწვევა, ეს არის ტრაგედია და, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციას სჭირდება ყოველდღიური გაანალიზება. რაც შეეხება, ზოგადად, ამ ომის რისკებს და ომის დასრულების შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მის პირდაპირ გავლენას, მე მგონი, ყველა ძალიან კარგად ვხვდებით, რომ უკრაინის ომის შედეგებს პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზე და უკვე ახლაც აქვს გავლენა უკრაინის ომს. ჩვენ ომის დაწყების დღიდან, და მანამდეც, მე მინდა ამის ერთგვარი ანალიზი წარვუდგინო საზოგადოებას და კიდევ ერთხელ შევახსენო ქრონოლოგიურად ფაქტები, მხოლოდ ფაქტები და სიმართლე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას. იყო არაერთი მცდელობა, ეგეთ წოდებული მეორე ფრონტის გახსნისა და საქართველოს ომში ჩაბმის. მე შეგახსენებთ, რომ თვითონ ეს ფრაზა – „მეორე ფრონტი“ გაჟღერდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან. ბატონი დანილოვი გამოვიდა, რომელმაც პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი, მიზანი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი მიზანი, ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი, სხვა რეგიონის მისამართით. ისიც აღნიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ, ამ ომის შედეგები უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც. ეს არის შინაარსი, ძალიან მოკლე, იმ გამოსვლისა, რომელიც ჩვენ, ყველამ, მთელმა საზოგადოებამ მოისმინა. ამის შემდეგ ჩვენ კარგად გვახსოვს განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების. ჩვენ არა ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა. მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და შეუერთდებოდა უკრაინას, და საქართველოს ჩართავდა ომში. სულ ბოლო გამონათქვამს შეგახსენებთ ბატონი ვანო მერაბიშვილის, რომელიც არის არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“. მან თქვა ერთ-ერთ უკრაინულ არხზე, რუსულ ენაზე გამოვიდა და საუბრობდა. მან თქვა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების დამხობა, შეცვლა და შემდეგ ომის დაწყება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ის სიტყვები, რომელიც ბატონმა მერაბიშვილმა თქვა საჯაროდ. ეს არის მტკიცებულებები, ძვირფასო მეგობრებო, მე ფაქტებს შეგახსენებთ მხოლოდ. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ქალბატონმა აქუბარდიამ სწორად აღნიშნა, – ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, – ეს არის ეგრეთ წოდებული უკრაინიზაციის გეგმა, ეგრეთ წოდებული მეორე პოლიგონის გახსნისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატოს წევრი, ჩვენ არა გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ. ასევე, მინდა შეგახსენოთ სხვა ფაქტებიც, ძვირფასო დეპუტატებო. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში და კოორდინაციაში მოდის, თანხვედრაში მოდის, მე არ მოვერიდები ამის თქმას, „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან, მათ ზრახვებთან, მათ გეგმებთან, მათ ქმედებასთან. ქალბატონმა თეონამ შემახსენა და მომიწოდა, რომ მესაუბრა ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებზე. მაშინ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მიამიტები, რომ იმ საფრთხეებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ამ საფრთხეებზე თვალი დავხუჭოთ და არ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ამას, მე პირიქით, მინდა დღეს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო, ჩვენს დეპუტატებს და შემდეგ კითხვები დაგისვათ თქვენ, თუ თქვენ სად დგახართ, აი, ასეთ ვითარებაში, ამ გამოწვევებით აღსავსე დროს.
მე ასევე მინდა შეგახსენოთ შემდეგი ფაქტი. 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაკავებულ იქნა უკანონოდ შემოსული, შემოპარებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ეგრეთ წოდებული მეორე რევოლუციის მოხდენა. მისი მიამიტური გათვლებით აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლისღვრა, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როცა, კარგად გახსოვთ, საუბრები უკვე დაწყებული იყო და ჩვენ სხვა ინფორმაციებიც გაგვაჩნდა ჩვენი პარტნიორებისგანაც, რომ მოსალოდნელი იყო უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში ან დეკემბერში, რომელიც რამდენიმე თვით გადაიწია ეგრეთ წოდებული რუსეთ-დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო. ეს პერიოდი შემთხვევით არ მიხსენებია, – პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის შემოსვლას და მის განზრახვას, რომ მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია. ამას თუ დავუკავშირებთ შემდგომ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო სწორედაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, მე ვფიქრობ, არც ერთ გონიერ ადამიანს ეჭვი აღარ შეეპარება და კითხვა აღარ დარჩება უბრალოდ, რომ დიახაც, მიზანი სააკაშვილის შემოსვლისა იყო ნიადაგისა და ფონის მომზადება, რომ საქართველოშიც დაწყებულიყო ომი. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა წააგეს.
მეორე მცდელობა, ეგრეთ წოდებული „თვითმფრინავების საქმე“, მინდა შეგახსენოთ ყველას. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი დაჟინებით მოგვიწოდებდა ჩვენ, ჩემთანაც იყო პირდაპირი საუბრები, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდანაც, რომ საქართველოს მთავრობას მიეცა ნებართვა, ოფიციალური ნებართვა, მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ მიეღო თვითმფრინავები უკრაინიდან, ჩარტერული თვითმფრინავები, რომლებიც წაიყვანდნენ შემდგომ უკვე მოხალისეებს და მებრძოლებს უკრაინაში. ეს იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, და გახსოვთ, რომ მაშინ ძალიან ბევრი სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ჩართულიყვნენ ომში და სხვა ფორმით გამოეხატათ სოლიდარობა, მხარდაჭერა, ჰუმანიტარული დახმარება. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია და გეგმა, შეთქმულების ნაწილი იმისა, რაც მე უკვე მოგახსენეთ, რომ მომხდარიყო საქართველოს პროვოცირება. ამით მოხდებოდა რუსეთის პროვოცირება, საქართველოს დააბრალებდნენ, რომ იგი უკვე პირდაპირაა ჩართული უკრაინის ომში და კონფლიქტში, რაც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდებოდა. შედეგი და გათვლა იყო მხოლოდ ერთი – რამენაირად მომხდარიყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. გახსოვთ, ამის შემდეგ დაიწყეს, ეგრეთ წოდებულმა მე-5 კოლონამ და მათმა წარმომადგენლებმა კოორდინირებული, ორკესტრირებული მოქმედება. დემონსტრაციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, და მე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო, რომელი პატრიოტი და ეროვნული ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას და შეცვლას მაშინ, როცა ურთულესი კრიზისი, გამოწვევა შეიქმნა ჩვენს რეგიონში, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს გეგმაც, გახსოვთ კარგად, რომ ჩაუვარდათ. ჩვენმა მტრებმა წააგეს. დღეს, რა თქმა უნდა, არ ჩერდება და არ შეცვლილა ეს მიდგომა. გეგმა რჩება ისევ გეგმად, არსად არ წასულა, პირიქით, მე ვიტყოდი. და მე მინდა ავხსნა ჩემი სიტყვები, – დღესაც, სამწუხაროდ, არსებობენ ძალები, რომლებიც თვლიან, რომ საჭიროა ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით, რომ მოხდეს ერთგვარი დაკომპენსირება და მეტი დროის მიცემა უკრაინისთვის, რომ მათ შეძლონ საკუთარი ძალების აღდგენა და კონტრშეტევების მომზადება. ასეთ გამოწვევად, ასეთ ადგილად რჩება საქართველო. ასევე რჩება მოლდოვა. ამის თაობაზე არაერთი ინფორმაცია, მათ შორის, ანალიტიკური ცნობები არის გავრცელებული საჯაროდ უკვე, ღია წყაროებში. ამიტომ დღეს, მეგობრებო, კიდევ ვიმეორებ, საფრთხე იმისა, რომ ქვეყანაში გადმოიტანონ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა, შეეცადონ დესტაბილიზაციას და გადმოიტანონ ომი, არსად არ წასულა. ეს საფრთხე რჩება საფრთხედ და მე მინდა ამის თაობაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ. მესამე მცდელობას შეგახსენებთ, ძვირფასო მეგობრებო, ეგრეთ წოდებული კანდიდატის სტატუსის არმოცემა. ძალიან მოკლედ ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ ეს იყო, რა თქმა უნდა, უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან, თუ მათი მიდგომა არის, რომ დამსახურებაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება ყოფილიყო, რა თქმა უნდა, საქართველო პირველ რიგში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არავის არ ვედრებით, მაგრამ ამის თაობაზე ინფორმაცია არის საჯარო, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო წინ უსწრებს ბევრად, ორჯერ, სამჯერ, უფრო მეტადაც მოლდოვას, უკრაინას ყველა მიმართულებით, იქნება ეს რეფორმები, ჩვენი მიღწევები, გამჭვირვალობა, კანონმდებლობა და ა.შ. ასევე გეტყვით, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული, ექსტრემისტული ძალების, შიდა მტრების, ეგრეთ წოდებული მეხუთე კოლონის და მათი მოკავშირე გარე ძალების გათვლა, ამოცანა იყო ხელისუფლების შეცვლა და აქ ეგრეთ წოდებული რევოლუციის მოწყობა. გახსოვთ კარგად ე.წ. აქციები – „შინ ევროპისკენ“, და მათი გაცხადებული მიზანიც ასევე იყო ხელისუფლების შეცვლა და, რა თქმა უნდა, მათი საბოლოო ამოცანა არის ომის დაწყება. ეს გეგმაც ჩაუვარდათ ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს. და ბოლო მცდელობა, შეგახსენებთ, ახლა უკვე რამდენიმე, ორიოდე კვირის წინ, 7-8 მარტს, ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ეგრეთ წოდებული მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, რადიკალური, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული, მათი ახალგაზრდული ორგანიზაციები, „ნაცმოძრაობის“, „გირჩი მეტი თავისუფლების“, ეგრეთ წოდებული ფრანკლინის კლუბის ანარქისტული მოძრაობები. თქვენ გახსოვთ, რომ მათი მცდელობები იყო პოლიციაზე თავდასხმების, გვახსოვს ყველას კარგად, ვნახეთ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, ქვების სროლა პოლიციის მიმართულებით და ა.შ. ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ თავისი გონიერებითა და სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა. ასევე შეგახსენებთ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის ეგრეთ წოდებულ წამახალისებელ განცხადებებს. მაშინ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ პოლიციას, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს და ა.შ., ჩვენ გვესმოდა მოწოდებები პირდაპირ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, რომ ახლა არის დრო, მათი თქმით, ამ რეჟიმის დამხობის, შეცვლის და ა.შ. ეს გეგმა, რა თქმა უნდა, ჩავარდა და ისევ წააგეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა. საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნება, მშვიდობის შენარჩუნება და რომ არ დავუშვათ რაიმე კონფრონტაცია და ომის გადმოტანა. ეს არის ჩვენი და ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის, მთავარი ამოცანა, მთავარი საზრუნავი. ამას, მადლობა ღმერთს, წარმატებით ვახერხებთ. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, – დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებიან საკუთარი უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას. და როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს, თუ რატომ ერიდებიან ისინი ესკალაციას პირდაპირ რუსეთთან, მათი პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ რუსეთთან მათი პირდაპირი ესკალაცია და კონფრონტაცია გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. ჩვენთვის, საქართველოსთვის, ახალი ომის დაწყება ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას. აბსოლუტურად იდენტურია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ომს. ჩვენი მთავარი ამოცანა, მათ შორის, თქვენიც, ოპოზიციის წარმომადგენლებო, უნდა იყოს ერთიანობის შენარჩუნება და ამ დიდი გამოწვევის ერთობლივად გამკლავება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, – გვესმის ძალიან ბევრი ბრალდებები, კრიტიკა დესტრუქციული ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან. აბრალებენ მთავრობას, ათას ცილს სწამებენ, გვეძახიან პრორუსულს და ა.შ. მე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო ის კონკრეტული მიღწევები, რომლებიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი მომავლისთვის. დესტრუქციული ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, და მანამდეც, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მის გუნდს, ჩვენ ყველას, დღემდე უწოდებდნენ პრორუსულ ძალას. ახლა მე მინდა შევახსენო მათ და ჩვენს საზოგადოებას, თუ რა შედეგი მოუტანა ამ ძალამ ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, მივაღწიეთ თავისუფალ მიმოსვლას ევროპაში. სწორედ ჩვენი დამსახურება არის ის, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები, და არა მხოლოდ ელიტა, გადაადგილდება ევროპის მიმართულებით მარტივად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ას ევროდ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იმოგზაუროს, ევროპაში გაფრინდეს. ასე რომ, ეს არის რეალობა და შედეგები, რომლებიც ჩვენ მოვიტანეთ. ახლა რა გააკეთა ჩვენმა ოპოზიციამ ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, – პრაქტიკულად არაფერი. სამი წლის დაგვიანებით დაიწყეს, პრაქტიკულად, მათ პროცესი ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების. უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საერთოდ გადაწეული იყო მოლაპარაკებები, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება მოუწევდათ, რისი სურვილი მათ უბრალოდ არ ჰქონდათ. თქვენ გახსოვთ, რომ მათი გაცხადებული, დეკლარირებული მიზანი იყო ქვეყნის არა ევროპეიზაცია, არამედ სინგაპურიზაცია. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მათმა ბელადმა შეცვალა კონსტიტუცია, აპირებდა პრემიერ-მინისტრად გადასვლას და ქვეყნის მართვას მრავალი – 20-30 წლის განმავლობაში დიქტატორული, ავტორიტარული მეთოდებით. ეს რეალობა დაგვხვდა ჩვენ. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის არ იქნა მოცემული სტატუსი, დავიწყეთ, პარლამენტში შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და უმოკლეს ვადებში შესრულდა ყველა ის ვალდებულება, რომელთა შესრულებაც შესაძლებელი იყო იმ მოკლე ვადებში. შემდეგ, რა თქმა უნდა, რამდენიმე კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, ახლა მივიღეთ, პარლამენტი ამის შესაბამის ცვლილებებს განახორციელებს და ჩვენი მხრიდან გაკეთებული ყველა სამუშაო იქნება დასრულებული, მეგობრებო. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველი განსაზღვრული პრიორიტეტი და პირობა არის პოლარიზაციის დასრულება, პოლარიზაცია, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიას ახასიათებს, ეს არის ამერიკა, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, ყველგან არის პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ და ვერ იქნება გამონაკლისი. კითხვა დავუსვათ საზოგადოებას, ჩვენს ოპოზიციას, თუ რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად. ძალიან მოკლედ რომ შევახსენოთ ყველას, ჩვენ მათი მხრიდან ვნახეთ მხოლოდ ბოიკოტი, საბოტაჟი, პირდაპირი ხელის შეშლა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ქვეყნის დესტაბილიზაცია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავიდანვე არ ვეთანხმებოდით ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებას. მე მათ პირადად ვუთხარი ძალიან ბევრჯერ, რომ ეს იყო შეცდომა, რომ საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი ისევე ავანსად, როგორც ეს მისცეს უკრაინას და მოლდოვას, ვინაიდან ჩვენი პროგნოზით, და ეს პროგნოზიც სახეზეა და გაცხადდა, ახდა, რომ პოლარიზაცია არათუ დასრულდებოდა, არამედ მოიმატებდა ქვეყანაში.
ჩვენ რომ შევხედოთ ერთი წლის განმავლობაში შემცირდა თუ არა პოლარიზაცია, – ალბათ, ვერავინ დაგვეთანხმება, რომ ეს ასე მოხდა. პირიქით, ჩვენ ვნახეთ ამის შემდეგ დესტაბილიზაციის მცდელობები, შარშან – ივნისის აქციები, ახლა უკვე – მარტის აქციები, პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში, არ მიიღეს მათ მონაწილეობა ამ 12 რეკომენდაციისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, შესაბამისად, ჩვენი პასუხი, მინდა საჯაროდ ვთქვა, რაც მე გავუზიარე ღიად ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, არის შემდეგი – თუ ევროპას და ჩვენს ევროპარლამენტარებს და ევროპელ კოლეგებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს მოხსნის ყოველგვარ კითხვებს, ყოველგვარ სპეკულაციებს, დაასრულებს მათ ამ დესტრუქციულ და რადიკალურ მოქმედებებს და რეალური მიზეზი აღარ დარჩება ჩვენს ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის რეალობა, თუ გვინდა, რომ ამ რეალობაზე ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ახლა რაც შეეხება სხვა საკითხებს. ვინ გვესაუბრება ევროინტეგრაციაზე და ვინ ჰპირდება ჩვენს მოსახლეობას ევროპულ მომავალს. კიდევ ვუბრუნდები იმ საკითხს, რომ ამ ადამიანებს აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის მიმართულებით. ჩვენ მოვუტანეთ, უკვე ჩამოვთვალე მთელი ეს რეალური მიღწევები. ევროპული პერსპექტივა არის, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება. მანამდე, თქვენ გახსოვთ, რომ ძალიან ბევრი სკეპტიციზმი არსებობდა ევროპის დედაქალაქებში, ზოგი გეოგრაფიას მოიხსენიებდა, ზოგი ძალიან ბევრ კრიტიკას გამოთქვამდა, მათ შორის, ახსენებდნენ რუსულ ოკუპაციას და ა.შ. ევროპული პერსპექტივის მონიჭებით ყოველგვარი სპეკულაცია და ვარაუდი იმის თაობაზე, თუ სად დგას საქართველო, მოიხსნა. ევროპამ ხმამაღლა თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი არის კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის უბრალოდ სიმბოლური გადაწყვეტილება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ, ხელისუფლებამ, ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერს ვაკეთებთ. დარჩენილი არის ერთადერთი შესასრულებელი ვალდებულება, რომელიც უკავშირდება პოლარიზაციის დასრულებას. ეს ვალდებულება არის ერთობლივად შესასრულებელი, მთავრობის, ხელისუფლების, პარლამენტისა და ოპოზიციის. რომ დავუბრუნდე ჩემს კითხვას, – ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპონენტები ყველაზე ანტიევროპული და ანტიეროვნული ძალა არის დღეს ქვეყანაში თავისი შინაარსით, თავისი მოქმედებით, თავისი მმართველობის სტილით. თუ გადავხედავთ, თუ რა მოუტანეს ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას, კითხვა არავის რჩება. ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა და ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდა, არ იმსახურებს და არა აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე. ეს არის ძალიან დიდი დაცინვა და შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის. ჩვენს ხალხს ეუბნებიან, რომ ჩვენ სრულიად არადემოკრატიული მეთოდებით გმართავდით, გაწამებდით, გჩაგრავდით, მაგრამ დღეს ისევ უნდა გესაუბროთ ევროპულ ინტეგრაციაზე. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გამონათქვამები, რომლებიც უკავშირდებოდა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის განცხადებებს. ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია რამდენიმე კვირის წინ და მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. ანუ, მათ პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანი, მისი რეჟიმი კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ჩაგრავდა, არ არსებობდა მედიათავისუფლება, სასამართლო დამოუკიდებლობა და არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა ქვეყანაში. იგი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი, სააკაშვილი, რომელიც დღეს კერძო კლინიკაში იხდის სასჯელს. ამის მიუხედავად გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, ვიცით, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი, მაგრამ იგი ჩვენი კრიმინალია. რა გვითხრეს კეზერაშვილზე. ადამიანი, რომელიც არის „ელიტური კორუფციის“ ფუძემდებელი საქართველოში, ჯარის მძარცველი, ბიზნესის რეკეტიორი და ევროპელი პენსიონერების მძარცველი, ქურდი, რომლის თაობაზეც ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროკურატურები აწარმოებენ გამოძიებებს, და ჩვენ ვართ ჩართული და ვართ კოორდინაციაში. კეზერაშვილზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, რომ ეს კაცი იყო მძარცველი, ატერორებდა ბიზნესს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, იგი არის კრიმინალი, მაგრამ არის მათი კრიმინალი. ასევე გვესაუბრნენ და მოგვიწოდეს „მედიამენეჯერის“, გვარამიას, გათავისუფლების თაობაზე. ვინ არის გვარამია, შევახსენოთ საზოგადოებას, ჩვენს დეპუტატებს. გვარამია იყო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ მთავარი ბოროტმოქმედი, შემოქმედი იყო აი ამ დანაშაულებრივი სისტემის, იგი იყო პროკურორის მოადგილე, პირდაპირ იყო ჩართული მაგალითად „იმედის“ წართმევის საქმეში, მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმის განხორციელება. ბატონ გვარამიაზეც გვეუბნებიან, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მან გაძარცვა ახლა თავისი კომპანია, კერძო კომპანია, მოიპარა 5 მილიონზე მეტი, ზარალი მიაყენა, არ გვაინტერესებს, ისიც არის ჩვენი კრიმინალი. ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ეს არის ჩვენი ხალხის და ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ბევრს გაუკვირდა, როცა ეს ფაქტები მოვიყვანე ჩემს ერთ-ერთი გამოსვლაში და პირდაპირ დავუკავშირე მათი ჩართულობა და განზრახვა ქვეყნის შიგნით მოქმედი „მეხუთე კოლონის“ დესტრუქციულ ქმედებებს და ვთქვი, რომ, სამწუხაროდ, თანხვედრაში მოდიან ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრები ჩვენი დესტრუქციული ძალის მიზნებთან და ამოცანებთან. რაც შეეხება სხვა საკითხებს. ჩვენმა ხალხმა რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგად მოისმინა პირდაპირი, ასე ვთქვათ, აღიარება. ერთ-ერთ გამოსვლაში მე ვთქვი, რომ ევროპარლამენტმა თქვა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი. ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატის განცხადება, მან წაიკითხა სააკაშვილის აღიარება, ასე ვთქვათ, ახლა ბრიუსელში, რომ იგი არის დასავლეთის აგენტი. ეს არის სააკაშვილის სიტყვები, რომელიც გახმოვანდა სააკაშვილის ადვოკატის მეშვეობით. დასკვნის სახით მინდა შევახსენო საზოგადოებას, – ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა უბედურება მოუტანეს უცხო ქვეყნის თუ ქვეყნების მსახურებმა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, კარგად ვნახეთ, რა მეთოდებით მართეს ჩვენი ქვეყანა, როგორ ჩაგრეს, აწამეს, დატანჯეს ჩვენი ხალხი, 20% ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ჩააბარეს რუს ოკუპანტს. რუსეთის ბოლო ჯარი გავიდა ქვეყნიდან 2007 წელს. რამდენიმე თვეში ეს კაცი და მისი დანაშაულებრივი რეჟიმი არ გაჩერდა და დააბრუნეს კიდევ უფრო ძლიერად. ააშენებინეს ბაზები აფხაზეთში, სამაჩაბლოში და ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, ჯერ მანამდე, რა თქმა უნდა, კაპიტულანტურ განცხადებას, რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც პირდაპირ ჩვენს ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება. გესმით, ხომ, რამხელა უზნეობა და ამორალური, ანტიეროვნული, მოღალატეობრივი გადაწყვეტილებაა. ომში რა გვაჩვენა და რა სახე გვაჩვენა ყველამ, კარგად ვიცით.
ომის შემდეგ რამდენიმე თვეში ამ ადამიანების ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთს. დღეს, როცა ომი მიმდინარეობს უკრაინაში, დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ დავაწესოთ სავიზო რეჟიმი რუსებისთვის, რომელიც თავად გააუქმეს ჩვენი ომის შემდეგ, გესმით, ხომ, სად არიან, რაზეა საუბარი. ამიტომ ვიკითხე, ვის ემსახურებით-მეთქი, რომელ ქვეყანას ემსახურებიან. უბედურება და ტრაგედია არ არის, რომ კაცი 9 წელი იყო პრეზიდენტი, თავისი ნებით დათმო ქართული პასპორტი და რამდენიმე კვირის წინ ჩართვაზე განაცხადა, რომ არის უკრაინის მოქალაქე, საუბარი დაიწყო უკრაინულად და მოითხოვა თარჯიმანი. რატომ ვიმეორებ ამ ყველაფერს, – ომის შემდეგ ისევ სააკაშვილის ხელისუფლებამ, მთავრობამ კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები, ინფრასტრუქტურა, რომლებზეც ქალბატონი თეონა აქუბარდია საუბრობდა, გადასცა რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს და გაუუქმა სავიზო რეჟიმი. დღეს გვეუბნებიან, რომ გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი ტურისტებისთვის და შევწყვიტოთ ყოველგვარი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ახლა, მოდით, ვკითხოთ ამ ადამიანებს და საზოგადოებას შევახსენოთ, რომ, მაგალითად, ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა გააგრძელა სამხედრო ბაზების მშენებლობა საქართველოში, მომხდარიყო თუნდაც ორგანიზება საერთაშორისო პარტნიორების, მათი ლობისტების, მათ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ლობისტების, ზოგიერთი ევროპარლამენტარის და ა.შ., რომლებიც დღეს გამოდიან და ლექციებს გვიკითხავენ, რომ მომხდარიყო სანქციების დაწესება რუსეთისთვის, ვინმეს ახსენდება, რომ საერთოდ ვინმემ რამე გააკეთა ამ მიმართულებით? ნული, არავითარი. მცდელობაც კი არ გვახსოვს არავის. მაგრამ დღეს გვიკიჟინებენ, რომ უკრაინის ომის გამო ჩვენ დავუწესოთ ეკონომიკური სანქციები, დავანგრიოთ ჩვენი ეკონომიკა, ვაზარალოთ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი, ჩვენი მილიონი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს რუსეთში. ეს არის ძალიან დიდი უბედურება და ტრაგედია, თუმცა, ეს არის სრული ლუსტრირება იმისა, თუ ვინ არის ჩვენი ქვეყნის რეალური ოპონენტი.
ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რაც მოხდა 7-8 მარტს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. ჩვენ ვნახეთ მცდელობები, რომ მომხდარიყო შეჭრა პარლამენტის შენობაში. მინდა კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავუხადო ჩვენს საპოლიციო ძალებს, მთელ პოლიციას, ყველას. ხელისუფლებამ გამოიჩინა ძალიან დიდი სიმტკიცე, სიძლიერეც და გონიერებაც. კანონს რაც შეეხება, ყველამ კარგად ვნახეთ, რომ კანონის გაწვევიდან რამდენიმე დღეში დაიწყეს აქტიური საუბარი ევროპარლამენტში, რომ მოხდეს ინიციირება ანალოგიური კანონის, კანონპროექტის, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლობისტების საქმიანობას ევროკავშირისთვის და რომელიც იქნება მანდატურული, სავალდებულო მთელი ევროპისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კანონის გაწვევიდან ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, კანადამ დაიწყო იგივე პროცესი და ა.შ. ბოლოს მინდა ვთქვა, ჩვენ, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტს ჰქონდა გაცხადებული, რომ პირველი მოსმენის შემდეგ ამ კანონპროექტს აგზავნიდა, და გააგზავნეს, ვენეციის კომისიაში, თუ რამე შესწორება იქნებოდა შეტანილი, რა თქმა უნდა, ამ შესწორებებს გავითვალისწინებდით. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ პირდაპირი მცდელობა დესტაბილიზაციის, რაც, რა თქმა უნდა, ისევ უკავშირდება ჩვენი დესტრუქციული, ექსტრემისტული ძალების ამოცანებსა და მათ მიზნებს. მინდა ვთქვა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ დღეს ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. დღეს ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. ჩვენ ბოლო ორი წელი გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ეს გამოდის უკვე 8 000 დოლარი, წელს ასე იქნება, ყოველ შემთხვევაში. შენარჩუნებული არის მშვიდობა, სტაბილურობა, და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას. ეს არის საკითხები, რომლებზეც ქალბატონი თეონა აქუბარდია და კითხვების ავტორები უნდა ფიქრობდნენ. მე მინდა მათი პოზიცია გავიგო, როგორ აფასებენ ჩვენი დესტრუქციული, ქვეყნის შიგნით მოქმედი მეხუთე კოლონის რადიკალურ-ექსტრემისტულ მოქმედებებს და უწოდებენ თუ არა ისინი საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მთავრობის მეთაურმა დეპუტატ თეონა აქუბარდიას დამაზუსტებელ კითხვას უპასუხა: დიდი მადლობა შეკითხვის ავტორს. მე არ ვიცი რაზე გიპასუხოთ ახლა, შეკითხვა დამისვით, მაგრამ ერთს გეტყვით, ქალბატონო თეონა. წარსულში ხართ თქვენ ჩარჩენილი. თქვენ გინდათ წარსულის დაბრუნება საქართველოში, რომელიც არ მოხდება. თქვენც ხართ ასევე მართული, დაკავშირებული დესტრუქციულ, რადიკალურ ძალასთან, რომელიც არის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პარტია. ეს არის რეალობა, თქვენ თუ გაინტერესებთ. თქვენ ასევე თუ გაინტერესებთ ჩვენი ხედვები, მომავლის ხედვები, შეგიძლიათ მიყუროთ და მისმინოთ, უსმინოთ მინისტრებს, ჩვენს დეპუტატებს მომავლის ხედვებზე, გეგმებზე, ამბიციურ, მათ შორის, ძალიან ბევრ პროექტზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და რომლებსაც განვახორციელებთ თქვენ გარეშე. თქვენ მინდა გიპასუხოთ, ქალბატონო აქუბარდია, რომ თქვენ საერთოდ არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე. არც თქვენ და არც თქვენს მმართველ, მფარველ პოლიტიკურ ძალას, „ნაცმოძრაობას“. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა ძალიან ბევრი ევროპულ გზაზე, როგორიც გახლავთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა არის ჩვენი მოტანილი, სწორედ ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი, და ახლა ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს. ახლა რაც შეეხება სტატუსს და ზოგადად სტატუსის ამ გზაზე მოქმედ ქვეყნის მტრებს, მე ასე დავარქმევდი. მტერია ის ადამიანი, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რომ არ მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. მტრობა არის ის, რომ ნაცვლად თანამშრომლობისა, ოპოზიცია და დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს. მტრობა არის ის, რომ დადიხართ, თქვენ არ ვიცი, მაგრამ თქვენი კოლეგები ბრიუსელში და აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მტრობა არის ის, როდესაც, მახსოვს ძალიან კარგად, ბრიუსელში დადიოდა თავად ბატონი სააკაშვილი, დავით ბაქრაძე და სხვები, თქვენი კოლეგები, რომ ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. აი, ეს არის მტრობა და ამ მტრობაში, მტრულ საქმეში, რა თქმა უნდა, ჩართული გყავთ თქვენ მიერ მოსყიდული, კორუმპირებული ლობისტები და ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომლებიც წარმატებით აკეთებენ აი, ამ დაკვეთას. ეს არის პირდაპირი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესების პირდაპირი მტრობა. ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს. თქვენ გაგვეცით პასუხი თქვენს ერთადერთ პირობაზე, რეკომენდაციაზე, რას აკეთებთ? რას აკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეამციროთ პოლარიზაცია? არაფერს, პირიქით, ყველაფერს აკეთებთ, რომ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში და თქვენც ხართ ჩართული და მონაწილე ამ შეთქმულების, მე ასე ვიტყოდი.
ქალბატონი თეონა აქუბარდია მეკითხება კონცეპტუალურ დოკუმენტებზე, რომლებიც მისი გადმოსახედიდან, თურმე, შექმნის უსაფრთხოების გარანტიებს და მოსახლეობას დაიცავს. მინდა ხალხს შევახსენო, რომ დოკუმენტი კი არა, სწორი პოლიტიკა და ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა დაიცავს ქვეყანას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, და არა თქვენ მიერ გაუაზრებელი, უგუნური და უკვე გამოცდილი დესტრუქციული პოლიტიკა, რომელმაც უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა.
ინფორმაციისთვის, ამის თაობაზე საჯარო ინფორმაცია არის გავრცელებული, ალბათ, ქალბატონი აქუბარდია შეგნებულად არ კითხულობს, არ ეცნობა უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს. უსაფრთხოების საბჭოს აქვს დამუშავებული, ეს არის დრაფტი-დოკუმენტები, მის მიერ ნახსენები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგია, და ასევე ვმუშაობთ აქტიურად კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე წინ წავედით და მიმდინარეობს უკვე უწყებებს შორის კოორდინაცია და გაცვლა უწყებებს შორის, გაზიარება.
ამის თაობაზე ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვინაიდან რეგიონში არის შეცვლილი ვითარება, უკრაინის ომის შედეგების პროგნოზირება თქვენ კი არა, ქალბატონო თეონა, და ჩვენ, დღეს დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია. ჩვენი პარტნიორები, ძალიან ბევრი განცხადება არსებობს ამის თაობაზე, დღეს ვერ ამბობენ გადაჭრით, თუ რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში, არავინ იცის, როგორ დასრულდება უკრაინის ომი. და დღეს უნდათ ამ ადამიანებს, რომ ჩვენ გავაკეთოთ უსაფრთხოების კონცეფცია და გამოვკვეთოთ საფრთხეები. მე არ ვიცი, რა საფრთხეები შეიძლება გამოიკვეთოს დამატებით ომის დასრულების შემდეგ.
თქვენ წარმოდგენა არა გაქვთ, გამოდიხართ რაღაც განცხადებებით, გინდათ, საზოგადოებას აჩვენოთ, თითქოს რაღაცის საქმის კურსში ხართ. წარმოდგენა არა გაქვთ რეალურად, რა გამოწვევების წინაშეა დღეს ქვეყანა. რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს ფაქტი სახეზეა. რომ მეკითხებით რაღაცას, აღარც მინდა გავიმეორო თქვენი უაზრო შეკითხვები, მაგრამ მთავარი გამოწვევა, მთავარი პრობლემა მოხდა უკვე 2008 წელს. რუსეთმა დაიკავა და დღესაც აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს. დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა რაც არის, ეს არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები, ქალბატონო აქუბარდია, რომ გესმოდეთ რაღაც ელემენტარული მაინც, ეს არის შიდა საფრთხეები. თქვენ რომ იყოთ ობიექტური, უსაფრთხოების ექსპერტი დავარქვათ, გამოხვიდოდით და მოუწოდებდით თქვენს რადიკალურ ექსტრემისტებს, მე-5 კოლონის წარმომადგენლებს, რომ დაუშვებელია ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა არის ოკუპირებული, ელოდება კანდიდატის სტატუსს და უკრაინაში არის დამანგრეველი ომი, აქ არ უნდა იმართებოდეს აქციები მთავრობის დამხობისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით. აი, მაგ შემთხვევაში, მე თქვენ მხარს დაგიჭერდით და პატივს ვცემდი თქვენს პოზიციას, მაგრამ თქვენ გამოდიხართ და იმეორებთ იმ ნარატივს, რომელიც ჩამოყალიბებულია მე-5 კოლონის მიერ. ეს არის მე-5 კოლონა, ეს არის მტრული ძალების პოლიტიკის გამტარებელი კოლექტიური ორგანიზაცია, მე არ მოვერიდები ამის თქმას და მე ამის თაობაზე დეტალური ფაქტები მოვიყვანე. ეს არ არის მხოლოდ სპეკულაციები, მე ფაქტები მოგიყვანეთ, 4 მცდელობა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, 4 მცდელობა, რომ მომხდარიყო დესტაბილიზაცია. თქვენ, როგორც უსაფრთხოების ექსპერტი, რა პოზიციას გამოხატავთ? რატომ არ გამოხვედით და არ დაგმეთ ეს ფაქტები? რატომ არ დაგმეთ თქვენ, მაგალითად, პარლამენტის შენობაზე ცეცხლის გახსნა და უამრავი შეტევა, მაგალითად, პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, რომელიც ასევე მათ მიერ შექმნილი ვითომ ფრანკლინის კლუბის, რაღაც ახალგაზრდა თაობა, ანარქისტების მიერ იყო ორგანიზებული? რატომ არ დაგმეთ? რა გაცინებთ? წარმოდგენა არა გაქვთ, რა ვითარებაშია დღეს რეგიონი და მთელი მსოფლიო. და გამოდიხართ, რაღაც ორი სიტყვა წაგიკითხავთ, გისწავლიათ და გინდათ, რომ თავზე მოახვიოთ საზოგადოებას თქვენი აზრები. ესაა რეალობა. მე მოგიწოდებთ, ქალბატონი სამნიძე რომ აქტიურობს, რომელიც მანამდე გამოირჩეოდა ვითომ კონსტრუქციულობით, ჩვენ ვნახეთ მისი რადიკალური ბუნება. თქვენ აბსოლუტურად არ განსხვავდებით სააკაშვილის პარტიისგან, არაფრით. თქვენ ხართ კოორდინაციაში ჩართული ამ რადიკალურ ძალასთან. ესაა რეალობა. ამიტომ, ბატონო თავმჯდომარევ და ძვირფასო დეპუტატებო, საზოგადოებავ, მინდა გითხრათ, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გარდა, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს არის მე-5 კოლონის მოქმედება საქართველოში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მე-5 კოლონამ ვერ მიაღწიოს ვერცერთ მიზანს. მე-5 კოლონის მიზანი არის ქვეყნის განადგურება და ომში ჩართვა. თქვენ დაანგრიეთ უკვე ქვეყანა ერთხელ და მეორედ არ დაგანგრევინებთ”.