ევროკავშირის ექსპერტთა მისია სამინისტროში მუშაობას შეუდგა

25/09/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა ევროკავშირის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. პროექტი მიზნად ისახავს სამინისტროს მხარდაჭერას ორგანოთა, ქსოვილთა და უჯრედების სფეროში მოქმედი ევროდირექტივების იმპლემენტაციის მიმართულებით.
ევროპის კომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მხარდაჭერით, განხორციელდა ევროკავშირის ექსპერტების 2 მისია, ასევე სამინისტროს თანამშრომლების სასწავლო ტური ხორვატიაში, სადაც ორგანოთა ტრანსპლანტაციის სფეროში ერთ-ერთი მოწინავე პრაქტიკის მქონე ქვეყნის გამოცდილება იქნა გაზიარებული.
აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდა სამოქმედო გეგმა ორგანოთა, ქსოვილთა და უჯრედების ტრანსპლანტაციის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე, სამი ახალი კანონპროექტი: „ორგანოთა გადანერგვის შესახებ“, „ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვის შესახებ“, „რეპროდუქციული ტექნოლოგიების შესახებ“.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები ადამიანის ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვის სფეროში არსებული ევროდირექტივების იმპლემენტაციას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელება 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0