დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. ბექა ოდიშარიამ ელჩს კომიტეტის საქმიანობა გააცნო და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
„დეტალურად ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. გამოვყავით პრობლემური მიმართულებები. აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ევროკავშირის ხელშეწყობით დავძლიოთ ის კონკრეტული წინააღმდეგობები, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას ხელს უშლის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავის მხრივ, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
„ვისაუბრეთ საქართველოს დაახლოებაზე ევროპულ პრინციპებთან და სტანდარტებთან. ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას ისეთ საკითხებთან მიმართებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კანონმდებლობის მაქსიმალურად დაახლოებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონებთან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.