ევროინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირის პერსპექტივასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე გაამახვილა მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება ანგარიშის წარდგენისას. როგორც საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველომ 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გააკეთა და 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიიღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკავშირი და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები 2022 წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური საკითხი იყო. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტმა 15 მარტს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც კონსტიტუციისა და საქართველოს მოქალაქეთა სწრაფვის შესაბამისად, მტკიცედ გამოხატა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, პარლამენტმა, პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო ხელმძღვანელობით, განსაკუთრებული როლი შეასრულა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში, რაც 2022 წელს კომიტეტების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს არაერთი კანონი მიიღო, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია: საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა 117 ნორმატიული აქტის პროექტი და 2 საერთაშორისო შეთანხმება განიხილა, რის შედეგადაც, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის 20-მდე დირექტივასა და რეგულაციასთან. მომხსენებელმა ისაუბრა ასევე მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებაზე ევროკავშირში, ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანების საკითხზე, ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და საპარლამენტო დიპლომატიაზე. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, გასული წლის განმავლობაში განსაკუთრებული ძალისხმევა იქნა გაწეული ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან საპარლამენტო კავშირების გასაძლიერებლად. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების 20-მდე დედაქალაქში 40-მდე სამუშაო ვიზიტი განახორციელეს. 9 ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის და საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, პარტნიორების სათანადო მხარდაჭერის მოპოვება იყო. საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების მიზნით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს ეწვია ლატვიის, ირლანდიისა და ხორვატიის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების დელეგაციები, რომელთაც კომიტეტმა სხდომების ფორმატში უმასპინძლა.
2022 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წელი შესრულდა. ამასთან, 2022 წელს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შედეგად საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადავიდა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გახდა. მაკა ბოჭორიშვილმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს, კომიტეტის წევრებს, აპარატს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მართლაც ხელშესახები სამუშაოა შესრულებული.
„ევროინტეგრაცია ეს არის კომპლექსური მიმართულება, რომელიც მოითხოვს მუდმივად კომუნიკაციას ევროპელ კოლეგებთან და, რაც მთავარია, ძალიან დიდი ინფორმაციის დამუშავებას ყოველდღიურ რეჟიმში. გარდა ამისა, დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამუშაო, რაც საქართველომ და, პირველ რიგში, პარლამენტმა უნდა შეასრულოს. ამ მიმართულებით დიდი პასუხისმგებლობა აქვს ჩვენს კომიტეტს, კომიტეტის თავმჯდომარეს. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით თანმიმდევრულად ვახორციელებთ ევროინტეგრაციის პოლიტიკას. საქართველო აკეთებს მაქსიმუმს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის რაც ასევე ძირითად პრინციპებს და ღირებულებებს წარმოადგენს ევროკავშირისთვის. ეს არის სამუშაო, რომელსაც საპარლამენტო მხარდაჭერა სჭირდება მუდმივად და ევროინტეგრაციის კომიტეტი ფლაგმანია ამ მიმართულებით.
უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ დღეს საქართველოს პარლამენტს არ ჰყავს მთლიანად ევროპული ოპოზიცია და ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არის ანტი-ევროპული, თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სივრცეს, რომელიც დღეს ხელოვნურად უჭირავს ამ რადიკალურ ოპოზიციას, მომავალ არჩევნებში დაიკავებს უფრო მეტად ევროპული და პროგრესული ოპოზიცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.