დღეს ჩვენ ყველამ ვნახეთ შემოქმედებითად დაჯილდოებული ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი დრო მოახმარონ ახლის ძიებას

12/01/2022

„დღეს ჩვენ ყველამ ვნახეთ შემოქმედებითად დაჯილდოებული ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი დრო მოახმარონ ახლის ძიებას. ჩვენ ვნახეთ ინოვაციური იდეები და ამ იდეების ხორცშესხმა. ასეთი ღონისძიებები უწევენ დახმარებას და აძლევენ იმპულსს ახალგაზრდებს იმისთვის, რომ მათ იფიქრონ ინოვაციურად, საკუთარი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და იფიქრონ აქედანვე, რომ მეცნიერება მიმართული უნდა იყოს გარკვეული სიახლეებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების გალა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილმა კონკურსის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის სასიხარულოა, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის დაჯილდოებაზე მიწევს მონაწილეობის მიღება და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, რომელიც ამ ღონისძიებას ატარებს და ამ კონკურსს უწევს ორგანიზებას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომელიც ათწლეულებია საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება და მათ შორის, აქაც გამორჩეული პარტნიორია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს გაუჩნდეთ სურვილი იყვნენ ინოვატორები და გამოიგონონ რაღაც ახალი, და რა თქმა უნდა, მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც ამ საკითხში არის ჩვენი ახალგაზრდების გვერდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ. მათ ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატება უსურვეს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზით. გამარჯვებულებს ასევე გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2014 წლიდან ხორციელდება და ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0