დღეს ტარდება კონფერენცია, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ეძღვნება

25/07/2023

„დღეს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თანაორგანიზებით ტარდება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენ დიდი ხანია მსგავსი ღონისძიება არ გვქონია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად და ბოლო ერთმა წელმა, რომელიც 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში გავატარეთ, გვაჩვენა, რომ ასეთი სახის ერთობლივი ღონისძიებები მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, კონფერენციაზე საუბარი, მათ შორის, ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შეეხება.

„საუბარი გვექნება როგორც 12 რეკომენდაციაზე – ახლა სად ვდგავართ და რა გეგმებია მომავალში, ასევე ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმებზე, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს. ხშირად ეს პოლიტიკური დებატების და მედიის ყურადღების ცენტრში არ ექცევა, თუმცა ეს არის დიდი ნაწილი ევროპული გზის, რომელიც საქართველოს გასავლელი აქვს. დღეს სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის თანამონაწილეობიგვექნება ამ საკითხებზე დისკუსია. მოხარული ვარ, რომ სამოქალაქო პლატფორმასთან ასეთი კარგი ურთიერთობა შედგა ამ ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ იმართება. ღონისძიება გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0