მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც განსაზღვრული იყო და შემადგენელი ნაწილია 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე ამ 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას თითოეულ გადასადგმელ ნაბიჯზე თუ რეფორმებზე კონკრეტული ხედვა აქვს, გაწერილი აქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც.
„მე მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც გათვალისწინებული და განსაზღვრული იყო ისედაც და არის შემადგენელი ნაწილი 12 პრიორიტეტის და ახლა უკვე ამ 9 ნაბიჯის მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე. მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ამ გეგმას. 3 საათზე მექნება უკვე ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა. ჩვენ ჩვენს პარლამენტთან ერთად განვიხილეთ, მანამდე სამუშაო შეხვედრაც გვქონდა პარტიაშიც და პარლამენტარებთანაც გავიარეთ ეს საკითხები, ე.წ. 9 ნაბიჯი, რომლებიც უნდა გადაიდგას მთავრობის მიერ. ჩვენ დღეს განვიხილავთ და მოვიწონებთ, წინასწარ უკვე შედგენილი გვაქვს ერთგვარი მონახაზი, სამოქმედო გეგმას, თითოეულ ამ გადასადგმელ ნაბიჯზე თუ რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, გაწერილი გვექნება შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც. ამიტომ ამასაც აქტიურად დავიწყებთ, დაწყებულია უკვე მუშაობა პრინციპში. ბატონ დარჩიაშვილს ექნება კომუნიკაცია მის ევროპელ კოლეგებთან, მეც მექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და ამ ინფორმაციას მივაწოდებთ მათ. ჩვენი, ყველას, საერთო სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე იქნას შესრულებული ყველა ეს რეფორმა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ 9 ნაბიჯში. იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს, ველოდებით უკვე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14-ში ან 15-ში, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ 15-ში მოხდება ეს, 15 დეკემბერს გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ისტორიული გამარჯვება – ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.