დღეს იყო ჩვენი პარტიისთვის და ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება

11/05/2018

ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში პარტიის თავმჯდომარის რანგში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ეს იქნება ახალი ეტაპის დასაწყისი პარტიის განვითარების პროცესში, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობის შემდეგ განაცხადა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეხუთე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. ასევე, აირჩიეს პოლიტსაბჭოს შემადგენლობა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიის ყრილობაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

„დღეს იყო ჩვენი პარტიისთვის და ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება- ჩვენი პარტიის, მმართველი პარტიის ყრილობა, სადაც მიღებულ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. განახლდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. ასევე, გაფორმდა საბოლოოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე“,-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე და უფრო გაჯანსაღებაზე ძალიან მნიშვნელოვან, დადებით გავლენას იქონიებს.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოხსენებაში გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. იყო კონცეპტუალური მნიშვნელობის გზავნილები. ხაზს გავუსვამ გზავნილს, რომელიც უკავშირდება ეკონომიკისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართებას. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უნდა დაეწიოს ეკონომიკა დემოკრატიას და არა პირიქით. ეს არის კონცეფცია, რომელსაც დაეფუძნა ჩვენს ქვეყანაში განახლება 2012 წლის შემდეგ და ეს იყო ჩვენი დემოკრატიული გარდატეხის მთავარი მონაპოვარი. ამ გარდატეხის მთავარი შემოქმედი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ის იქნება მთავარი გარანტი იმისა, რომ ამ ხაზს “ქართული ოცნება” და ჩვენი სახელმწიფო არ გადაუხვევს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.

„ბატონმა ბიძინამ განმარტა პოლიტიკაში მისი დაბრუნების 3 მიზეზი. სამივე მიზეზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მესამე მიზანს, რომელიც დაკავშირებული იყო გაუგებრობასთან, დაპირისპირებასთან პარტიის შიგნით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ იყო იმ მნიშვნელობის დაპირისპირება, რომლის გამოც იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში, თუმცა ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი დაბრუნების. როგორც კი ის დაბრუნდა პოლიტიკაში, იმავე დღეს მოგვარდა პრობლემები, რომელიც იყო პარტიის შიგნით. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბატონი ბიძინა ივანიშვილის წონა, მისი ნდობა. ამ მასშტაბის ნდობა და წონა ჩვენს პარტიაში არავის აქვს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0