დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები.
„კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოძიებს ამ საქმეს, ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან, თუმცა ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები, ჩვენ უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა მივცეთ შესაბამის უწყებებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს ბავშვზე მორგებული გარემოს უზრუნველსაყოფად – მოზარდების დაკითხვების სივრცის შექმნის თვალსაზრისით. რაც, მისი თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია.
„განათლების სამინისტრომ ყველა სხვა უწყებებთან ერთად უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის თუ პირისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია – პრაქტიკულად, პრევენციულად იმ პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომელიც სკოლაში მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს. იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ, როდესაც სამართალდამცავ სისტემასთან მათ აქვთ შეხება. ეს ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემების მიმართულებით, რომელიც შესაძლოა მოზარდების ფსიქოლოგიაზე აისახოს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თუმცა, სახელმწიფომ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას უფრო სწრაფად.
„ეს არის ის მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ სისტემურად უნდა ვიმუშაოთ და ეს არის ის მიმართულებები, რომლებზეც სწრაფი შედეგი უნდა დავაყენოთ. რა თქმა უნდა, ასევე უნდა ვთქვათ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. თუმცა, ჩვენ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ უფრო სწრაფად. დღეს ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენელი და ეს იქნება ის ნაბიჯი, როდესაც ჩვენ, კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები” – განაცხადა გიორგი გახარიამ.