ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „ეფკოს“ ლურჯი მოცვის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.
მისასალმებელ სიტყვაში, გიორგი ხანიშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ და ყურადღება პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„რიცხვები ეფექტიანობის კარგი მზომელია. დღეისათვის, ლურჯი მოცვი, საექსპორტო პოტენციალის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერი პროდუქტია. მოგეხსენებათ, მუდმივად ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების დივესიფიკაციის მიმართულებით. 2019 წელს, 664 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რაც შთამბეჭდავი მონაცემია. მხოლოდ ლურჯი მოცვის გასაშენებლად, სახელმწიფომ 14 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია ქართველი ფერმერებისთვის“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
მნიშვნელოვანია, რომ შპს „ეფკოს“ 32 ჰა ლურჯი მოცვის პლანტაცია, რომელიც გურიაში, დაბა ლაითურში მდებარეობს, 2016 წელს, სს „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიციის შედეგად გაფართოვდა. შპს „ეფკოს“ მმართველი, ქართული მულტიპროფილური საინვესტიციო კომპანია „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპია“, რომლის მიზანსაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლურჯი მოცვის მწარმოებელი აგროკომპანიის შექმნა წარმოადგენს და რომელიც, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, 9 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ღონისძიებას, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, კომპანიის „ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპი“ აღმასრულებელი დირექტორი გია მორჩილაძე, შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.