დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს, სფეროს წარმომადგენლებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან, 2 მაისიდან, სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება. ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, მათ შორის, სკოლებში, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.