დუშეთში მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

26/01/2019

ქართველი სახალხო პოეტის, 1920-იანი წლების პარტიზანული მოძრაობის მონაწილისა და “შეფიცულთა რაზმის” წევრის – მიხა ხელაშვილის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად კულტურული ღონისძიებების ციკლი გაიმართა.
გასული წლებისგან განსხვავებით, ამ დღის აღნიშვნა დუშეთის ძველი სასამართლოდან დაიწყო, სადაც ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი მიხა ხელაშვილის ცხედარი ორი კვირის განმავლობაში ღია ცის ქვეშ განისვენებდა და შემდეგ მისმა დამ, სალომემ ნეშტი მოიპარა ჩარგალში დასაკრძალად. ამ ინიციატივის ავტორია მიხა ხელაშვილის შთამომავალი და ვაჟა-ფშაველას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილი, რომლის თქმითაც, სალომეს გმირულად მძიმე გზა – ქალაქ დუშეთიდან სოფელ ჩარგლამდე, ყველამ დღესასწაულით უნდა გაიაროს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი პოეტები და მწერლები, სახალხო მთქმელები, მიხა ხელაშვილის პოეზიის თაყვანისმცემლები. ჩარგალში გაიმართა დოღი, ხოლო ახალგაზრდების ჯგუფმა ნუკრი მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა ქართული საბრძოლო ხელოვნება – “ხრიდოლი”. აღევლინა მიხა ხელაშვილის სულის სახსენებელი პარაკლისი.
ადგილობრივებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მობრძანებული სტუმრების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში – სოზარ სუბარი, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი, შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – ზურაბ სეხნიაშვილი. მათ ისაუბრეს მიხა ხელაშვილის გმირულ ღვაწლსა და მისი მაგალითის მნიშვნელობაზე მომავალი თაობებისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0