დუშეთში ისტორიული უბნების ურბანული განახლება იგეგმება

10/07/2018

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, მოადგილესთან მანანა ნარიმანიძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ქ. დუშეთის ის ნაწილი დაათვალიერა, სადაც, სულ მალე, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში, ისტორიული უბნების ურბანული განახლება დაიწყება.
აღნიშნული პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ და ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტის ფარგლებში იგეგმება 40 სახლის რესტავრაცია, მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის ჩათვლით. განხორციელდება ფასადური სამუშაოები, მოეწყობა გარე განათებები, ტროტუარები, ბორდიურები. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადებულია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება ზაფხულის ბოლოს იგეგმება.
ვიზიტის ფარგლებში მოხდა შეხვედრა ისტორიული უბნების შენობა-ნაგებობების მფლობელებთან. გუბერნატორმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, მესაკუთრეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნული პროექტის პოტენციური სარგებლიანობის თაობაზე ესაუბრა. ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, დუშეთის ეს ნაწილი ქალაქის მოსახლეობითვის ისტორიული და კულტურული ღირებულების მატარებელია. სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული უბნები, ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის, ატრაქციის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0