დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა

20/03/2023

დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, ანტიდოპინგურ სააგენტოსთან ერთად, ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომლის ინიცირებაც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოხდა. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, ცვლილებების მომზადება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც კანონს მეხუთე პრიმა მუხლი დაემატება. ცვლილებების თანახმად, დოპინგთან ბრძოლის ერთიანი მექანიზმი შეიქმნება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები და სპორტული ორგანიზაციების ვალდებულებები განისაზღვრება. როგორც საკითხის განხილვისას აღინიშნა, ცვლილებების მიღების და ამოქმედების ვადები შეზღუდულია და შესაბამისად, კანონპროექტის ავტორი პარლამენტის ბიუროს ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის წინადადებით მიმართავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0