დიმიტრი ქუმსიშვილმა „ჯეო-ემ-ტექსის“ საწარმო დაათვალიერა

20/09/2016

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ საწარმოს ეწვია, სადაც დამზადებული პროდუქცია სრულად გადის ექსპორტზე.
დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა „ჯეო-ემ-ტექსის“ თანამედროვე სტანდარტების საწარმო, სადაც დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის საკერავი და საქსოვი მანქანები. „ჯეო-ემ-ტექსი“ წარმატებით თანამშრომლობს წამყვან ევროპულ კომპანიებთან, მათ შორის „მონკლერთან“. კომპანია სამომავლოდ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და გაფართოებას გეგმავს.
პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაესაუბრა საწარმოში დასაქმებულებს და კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქცია დაათვალიერა. ამჟამად „ჯეო-ემ-ტექსში“ 320 ადამიანია დასაქმებული. ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა შეისწავლოს მკერავის პროფესია, რადგან კომპანია აქტიურად ახდენს კადრების მუდმივ რეჟიმში გადამზადებას და შემდგომში დასაქმებას. საწარმოში დასაქმებულთა საშუალო ასაკი 45 წელია.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სწორედ ეს არის ის შედეგი, რისთვისაც იქმნებოდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. „კიდევ უფრო სასიამოვნოა ის გეგმები, რომლებიც საწარმოს გააჩნია. კერძოდ, წლის ბოლომდე „ჯეო-ემ-ტექსის“ საწარმოში 500 ადამიანი დასაქმდება,“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ჯეო-ემ-ტექსში“ პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს ახლდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და აღნიშნული სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია.
შპს „ჯეო-ემ-ტექსმა“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ისარგებლა. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
დამატებითი ინფორმაცია
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ ახალი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელება დაიწყო, რომლის ძირითად დანიშნულებას მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების გზით საქართველოში სამეწარმეო კულტურის განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0