პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის ისტორიულ ნაწილში, ახალი სასტუმრო „მუზეუმი“ გახსნა. მასთან ერთად, სასტუმროს გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
სასტუმრო „მუზეუმი“, რომელიც თავად ორბელიანების ერთ-ერთ ისტორიულ სასახლეშია განთავსებული, ამჟამად 46 ნომერს, სამ რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს მოიცავს. გათვალისწინებული იქნა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ორბელიანების ისტორიულ სასახლეს გააჩნდა, მათ შორის, ინტერიერი და აივნები. სასტუმროს მართვას ახორციელებს ამერიკული მენეჯმენტ ჯგუფი “Key Hospitality”. ამჟამად სასტუმროში 80 ადამიანია დასაქმებული.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მხოლოდ 2013-15 წლებში, საქართველოში 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყანაში არსებული სასტუმროების ფონდის 41 პროცენტია.
„დღეს საქართველოში 1200-ზე მეტი სასტუმრო ფუნქციონირებს, რაც საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ჩვენ გვაქვს მკაფიო და ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა დღეს არსებული 6 მილიონიდან 11 მილიონამდე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ფრეიზერის ინსტიტუტმა რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველომ მე-5-ე ადგილამდე გაიუმჯობესა პოზიცია. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საქართველოში ბიზნესის კეთება სასურველი და მომგებიანია, რაზეც სასტუმრო „მუზეუმში“ ჩადებული ინვესტიციაც მეტყველებს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „მუზეუმი“ ოფიციალურად გახსნა
19/09/2016