დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსთავში სენდვიჩპანელების საწარმო დაათვალიერა

27/09/2016

შპს „ჯი-არ-სიმ“ სამთავრობო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობის შედეგად, გაფართოება და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა შეძლო. დღეს აღნიშნული წარმოება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.
რუსთავში მდებარე საწარმოში დათბუნებული გადახურვის მასალები, კედლის პანელები და სენდვიჩპანელები მზადდება. ამჟამად დასაქმებულია 60 ადამიანი. კომპანია წარმოებული პროდუქციით ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს, თუმცა ახლო მომავალში პროდუქციის 15%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანია „ჯი-არ-სი“ სამთავრობო პროგრამის ერთერთი პირველი ბენეფიციარია. „შედეგი, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდოდა, მიღწეულია. შექმნილია ახალი სამუშაო ადგილები. მზადდება პროდუქცია, რომელიც იმპორტს ანაცვლებს და მასზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე ძალიან დიდია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შპს „ჯი-არ-სი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4,800,000 ლარს შეადგენს.
კომპანია „ჯი-არ-სიმ“ პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0