დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომაზე განხილული პროექტები გააცნო

15/01/2016

15 იანვრის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული და მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გააცნო:
„ტრადიციულად, ვაგრძელებთ ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის უძრავი ქონებისა და ბინების გადაცემას. დღევანდელ სხდომაზე გავიტანეთ 307 ოჯახისთვის გადასაცემი ქონების განკარგულება. ეს ქონებები მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ხაშურში და ამ ქალაქების მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებში.
აქვე ძალიან მოკლედ მინდა მოგახსენოთ ორი პროექტის შესახებ, რომლებიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ერთი პროექტის თანახმად, თბილისში მილიონ 900 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც დაამზადებს ხის და მეტალის კარებებს. აღნიშნული საწარმო იღებს ვალდებულებას, რომ სულ მცირე 40 ათას ხის კარებსა და და 7 ათას რკინის კარებს გამოუშვებს წელიწადში. მეორე პროექტი განხორციელდება სამეგრელოში. ეს არის მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც ხილიდან სითხის სწრაფი მოშორების მეთოდით დაამზადებს ჩირებს. ეს გახლავთ ახალი მეთოდი. საუბარია 150 ტონა ხილის გადამუშავებაზე და მისასალმებელია, რომ 622 ათასი ლარის ინვესტირებას განახორციელებენ აღნიშნულ პროექტში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველ პროექტში დასაქმდება 70-დან 80 ადამიანამდე, ხოლო მეორე პროექტში დასაქმდება 20 პირი“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მთავრობის სხდომაზე განხილულ რამდენიმე განკარგულების პროექტზე. „ჩვენ დღეს განსახილველად გამოვიტანეთ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები, რომლებიც ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან. პრაქტიკულად, 1 წელია კიდევ დარჩენილი აღნიშნული წესების ამოქმედებისათვის, თუმცა ეს არის ძალიან დიდი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საჭირბოროტო საკითხებს ხანძართან დაკავშირებით. მაგალითად, ხანძრისგან დამცავ აქტიურ სისტემებს, ხანძრის გავრცელებისა და შედეგების თავიდან აცილების უზრუნველყოფის პასიურ დამცავ საშუალებებს და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით გასახარჯი ბიუჯეტი – მხოლოდ წლის დასაწყისიდან ჩვენ დავხარჯავთ 14 მილიონ 800 ათას ლარს პროექტის პოპულარიზაციაზე, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ წლის მეორე ნახევარში ჩვენ კიდევ შევძლებთ 8 მილიონი ლარის დამატებას. ეს იქნება მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციის მიმართულება, რომელიც ქვეყნის პოპულარიზაციაზე დაიხარჯება“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0