მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გალარების ერთჯერადი პროგრამის შესახებ ისაუბრა.
„2017 წლის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობას უნდა დაედგინა წესი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ერთჯერადი გალარების სუბსიდირება. შესაბამისად, დღეს საქართველოს მთავრობას წარვუდგინეთ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მთავრობა მოახდენს სესხების გალარების სუბსიდირებას“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა განმარტა ის პირობები, რომელთაც მსესხებელი უნდა აკმაყოფილებდეს, რათა გალარების პროგრამით სარგებლობა შეძლოს.
“აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი, 2015 წლის განმავლობაში, არ აღემატებოდა 100 ათას ლარს და ამავე დროს, მთლიანი სესხის ნაშთი, 2015 წლის 1-ლი იანვრისთვის, არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, საქართველოს მთავრობა განახორციელებს 28 ნოემბრისთვის არსებული ნაშთის სუბსიდირებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, შესაძლებელია მსესხებელს ჰქონდეს მეტი სესხი, თუმცა იმ ნაწილზე საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას არ განახორციელებს”, – განაცხადა ვიცეპრემიერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა გალარების ერთჯერადი პროგრამის შედეგებს ეკონომიკისთვის.
„აღნიშნულით, შემცირდება ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე, რადგან მსესხებლები, რომელთაც ყოველთვიურად, შემოსავლების კვალდაკვალ, სესხის დასაფარად უწევდათ ვალუტის შეძენა, ამას აღარ გააკეთებენ. ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის გალარებისთვის საჭირო ვალუტას კომერციულ ბანკებს და ასევე მიაწვდის იმ ლარის რესურსს, რომელიც საჭიროა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა გალარების ერთჯერადი პროგრამის შესახებ ისაუბრა
11/01/2017