დიმიტრი ქუმსიშვილი EIB-ის მიერ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო

15/09/2016

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით წარსდგა ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივ ღონისძიებაზე, სადაც საქართველოში არსებული ინოვაციური ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს.
„ამ ღონისძიების მიზანია ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის 24 მილიარდიანი ფონდის შესახებ, რომელზე წვდომაც საქართველოს აქვს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეძლევა ევროპულ ფონდებზე წვდომის შესაძლებლობა.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციური ბიზნესის დაფინანსებაზე, კვლევების დაფინანსებაზე – ეს არის ძალიან მაღალრისკიანი ბიზნესი და შესაბამისად, კომერციულ ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს სჭირდებათ განსაკუთრებული ცოდნა და მხარდაჭერა იმისთვის, რომ აღნიშნული განახორციელონ. სწორედ ამისთვის შექმნილია InnovFin – პროგრამა, რომელიც კომერციულ ბანკებს, იმ ინსტიტუტებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ დააფინანსონ ინოვაციური პროექტები, მხარს უჭერს და შესაბამისი სპეციალური საგარანტიო პროგრამებით ახდენს გარანტირებას იმისა, რომ აღნიშნული სესხები იქნება დაბრუნებული. ასევე სხვა მრავალი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა კომერციული ბანკებისა, მომავალში პროექტების წარდგენა პირდაპირ შეეძლებათ უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებს და ყველა იმ დაწესებულებას, ვინც დაინტერესებულია ინოვაციური ბიზნესიდეებისა და კვლევების განვითარებით”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, დღეს ევროპის კომისიასთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად საქართველოში ტარდება ღონისძიება, რომლის ძირითადი მიზანია პრეზენტაციების გამართვა და ინფორმაციის მიწოდება კომერციული ბანკებისა და ინოვაციების განვითარებით დაინტერესებული ყველა პირისთვის. „ისინი მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოახდინონ აპლიკაციების გაკეთება და შემდგომ ფინანსების მიღება 24 მილიარდიანი ფონდიდან, რომელზეც საქართველოს წვდომა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ასევე პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ხელმოწერის შემდეგ გაეხსნა“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას მთავრობის წამომადგენლები, ფინანსური ოფიცრები, ინოვაციური კომპანიების მენეჯერები, ფინანსური შუამავლები, ქართული სტარტაპები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0