დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ სეგმენტში თიბისი ბანკის აქციების განთავსების ცერემონიას დაესწრო

23/09/2016

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ სეგმენტში თიბისი ბანკის აქციების განთავსების ცერემონიას დაესწრო.
თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადაინაცვლა. ბანკისთვის ეს ნიშნავს განვითარების შეუზღუდავ შესაძლებლობას, ინვესტორთა ბაზის გაფართოებას და აქციების ლიკვიდურობის ზრდის პერსპექტივას, ხოლო ადგილობრივი ბაზრისთვის კიდევ უფრო სტაბილური, უმაღლესი სტანდარტებით მართული ბანკის სერვისების მიღებას. თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ბანკის 50 მილიონამდე აქცია განათავსა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
„პირველ რიგში, მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თიბისი ბანკს, მის დამფუძნებლებს და მენეჯმენტის გუნდს. ეს არის ძალიან დიდი წარმატება. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე პრემიუმ სეგმენტში ივაჭრება, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მინდა აღვნიშნო – თავის თავში ეს გულისხმობს, რომ თიბისი ბანკში მმართველობა ძალიან გამჭვირვალეა, ხოლო დანერგილი სტანდარტები – ეს არის საუკეთესო მსოფლიო დონის სტანდარტები. თავად ქვეყნისთვის და თიბისი ბანკისთვის ეს ნიშნავს, რომ ბანკს აქვს უკვე წვდომა იმ ინვესტორებზე, რომლებიც თანხებს მხოლოდ პრემიუმ ლისტინგში მოვაჭრე კომპანიებში დებენ.
თავისთავად დღევანდელი დღე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველოს საბანკო სექტორის 60%-ზე მეტი დღეიდან უკვე პრემიუმ ლისტინგში ივაჭრება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, მმართველობა საბანკო სექტორში აბსოლუტურად გამჭვირვალეა და თანხები, რომელიც ჩვენ საბანკო სექტორში, საფინანსო სექტორში შეგვიძლია მოვიზიდოთ, უკვე ძალიან დივერსიფიცირებულია. ეს კი ნიშნავს, რომ ძლიერი საბანკო სექტორი თავის თავში უკვე გულისხმობს რეალური ეკონომიკის სექტორის მხარდაჭერას, იმის, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის.
თვითონ თიბისი ბანკთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო – ბანკი დღეის მდგომარეობით 6200-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს, 8 მილიარდზე მეტი მთლიანი აქტივების მფლობელია, სადაც თითქმის 5 ნახევარ მილიარდზე მეტი სესხები არის. მინდა, დღევანდელი წარმატება კიდევ ერთხელ მივულოცო მთელ ჩვენს ქვეყანას და თიბისი ბანკს“.
თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება. ამ ორი წლის განმავლობაში ბანკმა აჩვენა კორპორაციული მართვის საუკეთესო შედეგები და დაადასტურა, რომ უმაღლესი სტანდარტების მქონე კომპანიაა, რომელიც იმსახურებს ლონდონის საფონდო ბირჟის უმაღლეს სეგმენტში გადასვლას.
ამიერიდან თიბისი ბანკის აქციები ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ინვესტორთა წრისთვის. ეს დიდი შესაძლებლობაა თიბისი ბანკისთვის, რადგან, სულ მსოფლიოს მასშტაბით ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგემენტში მხოლოდ 12 ბანკია წარმოდგენილი, მათ შორის ისეთი უმსხვილესი ბანკები როგორებიცაა – Barclays, Lloyds, HSBC.
პრემიუმ ლისტინგში მოხვედრილი კომპანიები ყველაზე მკაცრი სტანდარტებით რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თიბისი ბანკი პასუხობს და მომავალშიც უპასუხებს გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის უმკაცრეს მოთხოვნებს. შესაბამისად, თიბისი ბანკისთვის ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაზარდოს თავისი საქმიანობის სტანდარტი და მომხმარებლებს მომსახურების მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა გაუზიაროს.
ქვეყნის მასშტაბით, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში ყოფნა ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, ასევე შექმნის საჭირო წინაპირობას საქართველოში მოქმედი ბიზნესების საერთაშორისო ასპარეზზე შესაღწევად.
უახლოეს მომავალში თიბისი ბანკი გეგმავს, გახდეს FTSE-250-ში შესვლის კანდიდატი, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება აქციებზე ხელმისაწვდომობა და, შესაბამისად, ეს იმოქმედებს აქციების ლიკვიდურობაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0