პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნეს-გაერთიანების – თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციას ხელმძღვანელობდა DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე დადებითი შეფასებას მიეცა ორი ქვეყნის ურთიერთობებს ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და თურქეთს ბიზნეს-სექტორებს შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ღრმა მწუხარება გამოხატა თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო და დაღუპულთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.
თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატულ იქნა 15 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. „აღნიშნულ პოზიციას თურქეთის ბიზნეს-წრეები დიდი სიხარულით შეხვდნენ. ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც ერთმა ქვეყანამ შეიძლება გამოხატოს მეორის მიმართ“, – განაცხადა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ იანგინმა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ქენან ილდირიმი.
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს დელეგაციას შეხვდა
22/08/2016