საქართველო გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO) თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტს გააფორმებს.
დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პოლიტიკის, კვლევებისა და სტატისტიკის დეპარტამენტის დირექტორ ფედერიკო ალკოტას შეხვდა. შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე დაესწრო.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა UNIDO-სთან თანამშრომლობის განვითარება დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკის რეალური სექტორის, მათ შორის, ინდუსტრიის განვითარება და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
”UNIDO-სგან შემოთავაზებულია ჩარჩო-შეთანხმება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც მიეხმარება როგორც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასვეე არაერთი ინდუსტრიული დარგის განვითარებას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის დელეგაციის ვიზიტი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დროსაც საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება.