დიდ დიღომში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

24/02/2023

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში საბურთალოს რაიონის გამგეობამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრთან მდებარეობს. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელთან, გაიოზ ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.

„დიდ დიღომში რეკრეაციული სივრცე ეწყობა. გასულ წელს თბილისის მერიამ და ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთობლივად განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტი – აშენდა საფეხბურთო სკოლა, რომელსაც პირველ რიგში, აქ მცხოვრები ახალგაზრდები და პატარები იყენებენ. სპორტული მოედნის მშენებლობის დროს ზოგიერთი მოქალაქე გამოხატავდა პროტესტს – სურვილი ჰქონდათ, სტადიონის ნაცვლად პარკი გაშენებულიყო, თუმცა, არსებული პროექტი სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ყოველთვის ვუწყობთ ხელს. მაშინ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ ირგვლივ არსებული ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდებოდა და რეკრეაციული სივრცე გაშენდებოდა. აღნიშნულ სამუშაოებს, რომელიც ზაფხულისთვის დასრულდება, საბურთალოს რაიონის გამგეობა აწარმოებს. ტერიტორია ყველანაირად კეთილმოეწყობა – დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა განათების სისტემა, სარბენი და სასეირნო ბილიკები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რეკრეაციული სივრცე 5000 კვ. მ ფართობზე ეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0