დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მცირე სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება

30/10/2019

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. პირველ რიგში, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მცირე სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება. მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ანბანის სკვერის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც, აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა შესაძლებელია.

„ამ სკვერში წლების წინ გაიცა სამშენებლო ნებართვა. კონკრეტულად, მცირე სავაჭრო ცენტრის აშენებაზე. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აგვირჩია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ და შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას, ადგილობრივ მოსახლეობას პირობა მივეცი, რომ ამ ადგილზე აღნიშნული შენობა-ნაგებობა არ განთავსდებოდა. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები და მივაღწიეთ შეთანხმებას. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოგვაქვს ამ მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა-გამოსყიდვის საკითხი, რათა ეს პროექტი ამ კონკრეტულ სკვერში არ განხორციელდეს. ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც პრობლემაა და ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისითაც დაუშვებელია მწვანე სკვერებსა და სივრცეებში ასეთი სამუშაოების წარმოება. აღნიშნული სკვერი მოეწყობა და გალამაზდება. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მივიდნენ და იქ დაისვენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება. მისი თქმით, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქალაქში სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაა.

„რამდენიმე ხნის წინ, ჩვენი თხოვნით, საქართველოს პარლამენტმა განიხილა ინიციატივა პარკირების წესების დარღვევაზე სამართალდარღვევის ჯარიმის ზრდასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. ჩვენ პარლამენტს დასამუშავებლად კანონპროექტი წარვუდგინეთ. მივმართეთ, რომ მათი მხრიდან ყოფილიყო მხარდაჭერა და ჯარიმის ოდენობა გაგვეზარდა. გუშინ უკვე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტმა და ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, აგრეთვე ის გარემოება, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ პარკირების წესებს სიფრთხილით მოეკიდონ, რათა არ დაჯარიმდნენ.

„მინდა დედაქალაქის მოსახლეობას და პირველი რიგში, ავტომფლობელებს მივაწოდო ინფორმაცია, ვთხოვო და მოვუწოდო, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება. ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა. აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი, ამის შემდეგ, თუ ფოსტით ვერ მოხდება სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომლის მისამართიც არის www.tp.ge. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში, დაჯარიმებული პირი შევა ვებგვერდზე და გადაიხდის ჯარიმას, ის მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს სრული ოდენობით ჯარიმის გადახდა. ჩვენ ასევე, უზრუნველვყოფთ დაჯარიმებული პირებისთვის SMS შეტყობინებების მიწოდებას მათზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის წესი და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი პროექტი დედაქალაქის სხვა უბნებშიც განხორციელდება.

„იცით, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე – ეს არის ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით იყო გარკვეული ხარვეზები. ჩვენ დავიწყეთ ყველაფრის მოწესრიგება. ორ კონკრეტულ ლოკაციაზე საპილოტე ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი ავამოქმედეთ, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილების გაჩერება არის უფასო. მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები შესაბამის ვებგვერდზე. ასევე, შშმ პირთათვის არის უფასო. სხვა დანარჩენებისთვის 15 წუთი არის უფასო, შემდეგ უკვე ზონიდან გამომდინარე გადახდის რეჟიმი ირთვება. მაგალითად, ერთი საათი ერთი ლარია. ჩვენ მსგავს პროექტს სხვა უბნებსა და ცენტრალურ რაიონებშიც განვახორციელებთ, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. მისი თქმით, პარლამენტი ერთჯერადი ამნისტიის აქტს გამოსცემს.

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტი ამნისტიის კანონს იხილავს. ამ დღეებში პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი. თქვენ იცით, რომ ერთჯერადი ამნისტიის აქტი გამოიცემა და ეს ჯარიმები იქნება ჩამოწერილი. ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც პირველ ოქტომბერს საპატრულო პოლიციამ გამოუწერა ჯარიმა ფერის სტანდარტის დარღვევის გამო. ესენი არიან ტაქსის ის მფლობელები, რომლებსაც ჰქონდათ ტაქსის ნებართვა, მაგრამ ავტომანქანა არ იყო თეთრი. ასევე, გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც 30 სექტემბერს გაუვიდათ ნებართვის მოქმედების ვადა და პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ ნებართვის არქონის გამო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ავტომანქანის სალონების ქიმიური წმენდის ვაუჩერით ისარგებლონ და სერვისის მისაღებად კონკრეტულ კომპანიებს მიმართონ. კახა კალაძის თქმით, ტაქსის მფლობელები სერვისს შემდეგ მისამართებზე მიიღებენ: „ავტო სპა“, ბერი სალოსის გამზირის N31-ში, „დირსის“ კორპუსების მიმდებარედ და „ავტო შხაპი“, შეშელიძის N68-ში.

„გამოქვეყნებულ კონკრეტულ მისამართებზე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ამ სერვისით. გარდა ამისა, ვინც ისარგებლებს აღნიშნული ვაუჩერებით, მათ უფასოდ გადაეცემათ ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ტაქსის სერვისის გამწევთა განახლებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, A კატეგორიის ტაქსების რაოდენობა ბოლო ერთ კვირაში 2000-ით გაიზარდა.

„A კატეგორიაში მონაწილე ტაქსების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეის მდგომარეობით, გაცემულია 13 000-მდე ლიცენზია. რეგისტრირებულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით, 2000-ით გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. სხვა მნიშვნელოვანი ეტაპებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა გარემოს დაცვის სამსახურის უფროსს, გიგა გიგაშვილს დაავალა, მოსკოვის გამზირზე არსებულ ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის საკითხზე მუშაობა დაიწყოს.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა ხედავს, თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა იმას, რომ არსებული პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია განვახორციელოთ და ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა მოხდეს. ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქალაქს და რაც ალამაზებს, მწვანე სივრცეების შექმნა და არსებულების მოწესრიგებაა. მოსკოვის გამზირზე არსებობს ალეა, საკმაოდ ვრცელი ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, ოთხი ჰექტარია. მინდა დავავალო გიგა გიგაშვილს, დაიწყოს პროექტის მომზადება, რომ მომავალი წლიდან შევძლოთ, აღნიშნული ალეის გაკეთილშობილება, რადგან დღეს იქ არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ტერიტორიით ძალიან ბევრი ადამიანი ისარგებლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომავალი წლიდან უშუალოდ, სამუშაოების განხორციელება უნდა დაიწყოს.

„ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყოს ქალაქში. ირგვლივ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე სამგორის რაიონში, სადაც მოქალაქეებს დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საზოგადო მოღვაწისა და ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი, სენაკისა და რუსთავის შემდეგ, თბილისშიც განთავსდება. თბილისის მერმა ბიუსტის კონცეფციის შემუშავებისა და ადგილის შერჩევის საკითხებზე მუშაობა მერის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა.

„მინდა, ძალიან მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას შევეხო. 2019 წლის 7 მარტს გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა. დღესდღეობით, მისი ბიუსტები განთავსებულია ქალაქ რუსთავსა და სენაკში, თუმცა არა – თბილისში. ჟიული შარტავა იმსახურებს იმას, რომ მისი ბიუსტი არსებობდეს დედაქალაქშიც. ჟიული შარტავასთან ერთად, მე ვიტყოდი, გურამ გაბისკირიას ძეგლიც. ჩვენ ყველას გვახსოვს წუთები, როდესაც სოხუმი დაეცა და ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ბოლო გამოვიდნენ მთავრობის სახლიდან. ყველას გვახსოვს ის სიტყვები, როდესაც მათ ეუბნებოდნენ, დაიჩოქეთ და შეაგინეთ ქართველებსო. მათი პასუხი იყო – „არასოდეს ცხოვრებაში!“ ეს ადამიანები ჩვენგან ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას. ჩვენმა მომავალმა თაობებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ჩვენი გმირების შესახებ. ჩემი თხოვნა იქნება, ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ამ ადამიანებს ეკადრებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0