განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს 1 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, მებაჟე ოფიცრებმა. ავტომობილში, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე ნ.ა. მართავდა, ეჭვის საფუძველზე კამერა ზონდის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავებში მათ არადეკლარირებული 29068 კაფსულა LYRICA და 560 კაფსულა REGAPEN აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებას.
1 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს“, კონტროლის ზონაში, ბრაზილიის მოქალაქე რ.ფ.დ.მ.ფ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 13 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN CODEINE აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს.
3 მაისს, ასევე „ვალეს“ კონტროლის ზონაში შემოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე კ.ა., რომელსაც კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი SUBUTEX – 3 აბი. 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN KODEIN აღმოჩნდა იმავე დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე შ.ბ.-ის კუთვნილ ხელბარგშიც.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.
დიდი ოდენობით აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოავლინა შემოსავლების სამსახურმა
04/05/2016