ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) ხელმძღვანელს ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციაზე ისაუბრეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია კომიტეტის თანამშრომლობა ამ ორგანიზაციასთან, ვინაიდან იგი გასული წლების განმავლობაშიც უმთავრესი პარტნიორი იყო საქართველოს პარლამენტის და, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ვინაიდან ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით უკანასკნელი წლების განმავლობაში. ის თანამშეომლობს არა მარტო კომიტეტთან, არამედ სამთავრობო დაწესებულებებთან და ამ მიმართულებით ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული ურთიერთობა აქვს საქართველოს ხელისუფლებას Unicef-თან. დიდი იმედით ვუყურებთ მომავალს, რომ მომდევნო თანამშრომლობაც იქნება ისეთივე ნაყოფიერი, როგორიც აქამდე იყო და, შესაბამისად, ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის პროცესი წარიმართება იმავე თანამშრომლობის კალაპოტში. ეს, რა თქმა უნდა, წარმატების საწინდარია და ჩვენ ამას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. მადლობას ვუხდი Unicef -ს ამ გაწეული მუშაობისთვის, განხორციელებული აქტივობებისთვის და ვფიქრობ, რომ მომავალშიც ძალიან ბევრი საქმე გვექნება ერთად საკეთებელი“, – განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.