ჩვენ არ გადავუხვევთ ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და მტკიცედ ვივლით ევროპისკენ, განათლებული და წარმატებული საქართველოსკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების საგურამოში გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ადგილი, რომელიც ქართველებისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება.
„მოგესალმებით იმ ადგილიდან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. აქ განსაკუთრებულად იგრძნობა ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც თითოეულ ქართველს გვაკისრია სამშობლოს წინაშე, რადგან ილია ჭავჭავაძემ, მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, ყოველი თავისი სიტყვითა და ნააზრევით სამოქმედო გეგმა და შეგონება დაგვიტოვა ერს“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ღონისძიების საგურამოში გამართვა ასევე დასტურია იმის, რომ „ქართული ოცნება“ ილია ჭავჭავაძის ღირებულებების ერთგულია.
„დღევანდელი ჩვენი თავშეყრით საგურამოში, აქ, სადაც ილიას უკვდავი სული ტრიალებს, გვინდა, პირველ რიგში, საკუთარ თავს და ქართველ ხალხს დავუდასტუროთ, რომ დიდი ილიას გზის, მისი ღირებულებების ერთგული ვიქნებით და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის სამსახურისთვის. ჩვენ არ გადავუხვევთ ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და მტკიცედ ვივლით ევროპისკენ, განათლებული და წარმატებული საქართველოსკენ. ისევ ილიას სიტყვებს მოვიშველიებ, რომელიც გვეუბნებოდა: ,,ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.